შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი , ეთნოლოგი - ლიანა მელიქიშვილი

„შრომა, გულისხმიერება, პატიოსნება, ქველმოქმედება და სწავლა სიცოცხლის ბოლომდე.“

 

ლიანა მელიქიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2009 წ.

 

ლია მელიქიშვილი დაიბადა 1943 წლის 17 მარტს ქ. თბილისში.

1950 წელს შევიდა თბილისის მე-2 ქალთა საშუალო (შემდგომში თბილისის 42) სკოლაში.

1960 წელს სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ლია მელიქიშვილი 1965-2006 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე. ეთნოკონფლიქტების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1990-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-1994 წწ. ადამიანთა და ნაციონალური უმცირესობის

 

უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 1995-2002 მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო ხელმძღვანელი, 2003 - დღემდე კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

ლ. მელიქიშვილმა 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქორწინო წეს- ჩვეულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“; ხოლო 2001 წ. სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტრადიციული კულტურის როლი ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში (კონფლიქტი და სოციალური განწყობა ჯავახეთის პოლიეთნიკურ საზოგადოებაში)“.

ლ. მელიქიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ეთნოპოლიტიკა, საზოგადოების განვითარების ეთნიკური ასპექტები, სახელმწიფოს უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები, ეროვნული უმცირესობა და პოლიეთნიკური საზოგადოება, ეთნიკური ურთიერთობები, ტრადიცია და კულტურა.

ლ. მელიქიშვილს ეკუთვნის ეთნოლოგიის დარგის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მან ეთნოლოგია არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ საზოგადოების მწვავე პრობლემების გადაჭრის სამსახურში ჩააყენა. მე-XX საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული მეცნიერების თეორიული კვლევა პროგნოზირებადი მიმართულებით მისი ძალისხმევით აღსდგა. ქართული ეთნოლოგიური სკოლა კვლავ ევროპულ ოჯახს დაუბრუნდა. ისეთ საკითხებს (ტოლერანტობა, იდენტობა, ქსენოფობია, ღირებულებები და სხვა), რომელიც ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში არ მუშავდებოდა ფართო ასპარეზი გაუხსნა. უფრო მეტიც, მელიქიშვილის თაოსნობით ეთნოლოგიურ მეცნიერებაში საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალ მიმართულებას - კონფლიქტოლოგიას.

ლ. მელიქიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობაში საქართველოს სასაზღვრო ზონის პოლიეთნიკური საზოგადოებების შესწავლა მისი კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა.

არაერთი სიახლის შემცველია მეცნიერის ძიებანი „ღია და დახურულ საზოგადოებათა“ ურთიერთმიმართების პრობლემასთან დაკავშირებით. მან ადამიანისა და საზოგადოების მთლიანობაში შესწავლას ფართო გზა გაუკვალა.

მისი ნაშრომებით სარგებლობენ არა მხოლოდ ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, არამედ უცხოელი მეცნიერები, ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

 

ლია მელიქიშვილი არის:

 

1967-2017 წლებში საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული 50 ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი;

მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის (მათ შორის საზღვარგარეთ) მონაწილე და ორგანიზატორი;

საერთაშორისო და ადგილობრივი 24 სამეცნიერო გრანტის ავტორი, ხელმძღვანელი, შემსრულებელი; ეთნოგრაფიული 5 ფოტო გამოფენისა და 6 ფილმის ავტორი.

ათობით საგაზეთო ინტერვიუსა და ტელედებატების მონაწილე;

 

მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული თეორიული დასკვნების  გამო პერსონალია

„ლია      მელიქიშვილი“      შეყვანილია      ლექსიკონში:      „Словарь     конфликтолога“     და ენციკლოპედიაში: „Национальная психологическая энциклопедия“.

 

ლია მელიქიშვილი არის:

 

საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი 1972; ასოციაცია „ჯავახეთის“ წევრი 1989 წ.;

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნებათა ურთიერთობის საკითხებში 2000- 2003 წწ.;

თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა კომისიის თავმჯდომარე 2000-2003 წწ.; ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების გამგეობის წევრი 2006 წ.;

ევროპის სოციალური ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი 1990 წ.;

საზოგადოება „თბილისელის“ ქალთა საკრებულოს საბჭოს წევრი 1996 წ.;

კონფლიქტების ადრეული გამოვლენისა და ეთნოგრაფიული მონიტორინგის ქსელის (EAWARN) წევრი. 2000 წ.;

“Today and Tomorrow” - ს (ჟურნალი) საბჭოს წევრი 2004 წ.;

ჟურნალის “Caucasus Survey – The journal of the Association for Caucasian Studies” Paris, Sorbonne university. საერთაშორისო საბჭოს წევრი. 2011 წ.;

აზიის     მეცნიერებათა     აკადემიებისა     და     საზოგადოებების    ასოციაციის     (AASSA) მეცნიერებისა და ინჟინერიის ქალთა სპეციალური კომიტეტის (WISE) წევრი, 2018 წ..

საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი 2018 წ.

 

მიღებული აქვს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია“ პროექტი „რეპრესირებული მეცნიერები“ - გ. ბოჭორიძის საველე დღიურების „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“ მიკვლევაში, რედაქტირებაში, კომენტარებში და გამოცემაში;

„ღირსების ორდენი“ 2001;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების „მადლობის ეპისტოლე’’ 2013.

ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის სიგელი 2016;

ეთნოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი 2014;

ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გაეროს მიერ დაარსებული მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი 2017;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელით 2018.

 

ლ. მელიქიშვილი არის 150-მდე სხვადასხვაენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული) სამეცნიერო ნაშრომის, 34 მონოგრაფიის, წიგნის, სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.

მათ შორისაა:

Ethnicity and state policy in Georgia, [AOE] Ethnicity, politics and the State, Amsterdam, 1993; კონფლიქტური სიტუაციები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში, თბილისი, თანაავტორი.

1998;

Latent Conflict in Polyethnic society. (თანაავტორი), თბილისი, 1999; National Minorities in Georgia. UNHCR, CPCR, Tb., (თანაავტორი). 1999;

საველე მუშაობის მეთოდი კონფლიქტურ საზოგადოებაში. თბილისი, 2000;

Ethnography or Social Anthropology: The Problem of Branches in Post-soviet Georgia, «Crossing categorical Boundaries: Religion as Politics», Krakow, 2000.

ეთნოგრაფია თუ ეთნოლოგია, თბილისი, 2000;

პანკისის კრიზისი (უსაფრთხოების სტრატეგიის ეთნიკური ასპექტები), (თანაავტორი), თბილისი, 2002;

მრავალეთნიკური საქართველო გასულ საუკუნეში, (თანაავტორი) თბილისი, 2004,. კონფლიქტის ანთროპოლოგია (ეთნიკური ასპექტები). თბილისი, 2006;

Tolerance in multiethnic Georgia. (Training Methodology Manual for Educators), (თანაავტორი), Tbilisi, 2009;

სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში (ეთნოუმცირესობა და სამოქალაქო საზოგადოება ქვემო ქართლში), (თანაავტორი). თბილისი, 2011;

Language and Ethnik, Internationale tagung, Sprachlicht Konstruktion sozialer Grenzen, Europa- Universitet Viagrina, Frankfurt (Oder), 2013.

შედარებითი მეთოდი ეთნოლოგიაში, (თანაავტორი), თბილისი, 2017.

ღირებულების როლი ეთნოკულტურულ პროცესებში, სამ ენოვანი - ქართული, რუსული და ინგლისური, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2018.

მეცნიერი ქალი შემოქმედების გვირგვინია (თანაავტორი), 2019.