შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი მუშაობას შეუდგა

 

25 ივლისს თბილისში შედარებითი ლიტერატურის XXIII  მსოფლიო  კონგრესის გახსნის ოფიციალური ცერემონია  გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა  პრინსტონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორი, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი  სანდრა ბერმანი.  კონგრესის მონაწილეებს მიესალმა  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  მიხეილ ჩხენკელი: „დარწმუნებული ვარ, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყოს დარგის პროფესიონალებისა და ექსპერტების ჩართულობას და მათ გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან“.

 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა,  ჯაბა სამუშიამ,  ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა,  ირმა რატიანმა კონგრესის მნიშვნელობასა და მიზნებზე  ისაუბრეს. 

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ  განაცხადა: რუსთაველის ფონდისთვის განსაკუთრებით  საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერია.  2022 წლის მსოფლიო კონგრესის თემაა  „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები", რაც მოიცავს  მცირერიცხოვანი ერების  ლიტერატურის როლისა და ადგილის  განსაზღვრას გლობალიზაციის ეპოქაში, ამ რთული გამოწვევების ჟამს ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების ვალია ნაციონალური თვითმყოფადობის  შენარჩუნების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, ეროვნული ლიტერატურის განვითარება კი ამ ყოველივეს  ლიბო და საფუძველია.  რუსთაველის ფონდი რამდენიმე წელია  აქტიურად  ახორციელებს მიზნობრივ   საგრანტო პროექტებს, რომლის მიზანია ზრუნვა აფხაზური და ოსური ენებისა  და ლიტერატურის  განვითარებაზე. უახლოეს დღეებში  რუსთაველის  ფონდი გამოაცხადებს ახალ  სახელმწიფო საგრანტო კონკურსს ამ მიმართულებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“. 

კონგრესი 29 ივლისამდე გაგრძელდება. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს  2000-მდე დელეგატი - მსოფლიოს წამყვანი  ლიტერატურათმცოდნეები,  კრიტიკოსები,  კულტუროლოგები, მთარგმნელები, გამომცემლები,  მწერლები. შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი საშუალებას აძლევს  ამ სფეროს  პროფესიონალებს მსოფლიოს მასშტაბით, გამართონ დიალოგი, გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული მოსაზრებები და დასახონ   სამომავლო  გეგმები.