შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით

24-26 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით  თბილისში იმართება  საერთაშორისო კონფერენცია: „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“.

24 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ,  რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ინტერკულტურული და ეთნოკულტურული კომუნიკაციის საკითხები არ არის მხოლოდ სამეცნიერო დისპუტის თემა და ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული თანამედროვე ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მოაწოდა ინფორმაცია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალი პროექტების -  კავკასიოლოგიური მიმართულების კონკურსის, ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო  კვლევების კონკურსის შესახებ,   საქართველოს  საზღვრისპირა რეგიონების შესწავლის აუცილებლობაზე.

ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველო ისტორიულად გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავლაფეროვნებით, რამაც განაპირობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემებისა და ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება; განსაკუთრებული ეთნოგრაფიული რეალიებისა და ქცევის მოდელების განვითარება. აქ მულტიკულტურულ გარემოში უძველესი დროიდან უწყვეტი იყო ურთიერთობა განსხვავებული ეთნოკულტურული, რელიგიური თუ ლინგვისტური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის. უწყვეტი პროცესი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობები, მთელ რიგ რეალიათა გაცვლა და გაზიარება. დროთა ვითარებაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციეტალური სიტუაციის ცვლილება იწვევდა საქართველოს ეთნო-კულტურული რუკის ცვლილებებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე. ამ საკითხების კვლევა და დისკუსია მათ ირგვლივ წვლილს შეიტანს თანამედროვე გამოწვევების ანალიზში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კანადის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, სომხეთის სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.