შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის

2019 წლის  27-28 მაისს თბილისში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“   გაიმართა. ორდღიანი ფართომასშტაბიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო   ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი  ზვიად გაბისონია მოდერაციას უწევდა ფორუმის ნაწილს განათლების შესახებ. განათლების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენების მიერ განხილული იქნა საქართველოს ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე სიახლეები. ასევე, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებმა წარადგინეს თავიანთი აქტივობები, განიხილეს ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლების პროგრამა და გამოწვევები. განათლების პანელზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთიანი სასწავლო პროგრამის, საკვირაო სკოლების მასწავლებელის გადამზადების, საზღვარგარეთ მიღებული განათლების ხარისხის აღიარების, არაფორმალური განათლების პროგრამებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის, მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით. 

განათლების პანელის მოდერაციასთან ერთად, ფონდის გენერალურმა  დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია - მიმოიხილა განათლებისა და მეცნიერების მიმდინარე რეფორმა, ფორუმის მონაწილეებს გააცნო ის  შესაძლებლობები და ეროვნული პროგრამები, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო   ფონდი სთავაზობს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს( მათ შორის,  კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით).

განათლების პანელი დიასპორის ფორუმის ორივე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზენტაციებთან ერთად მოიცავდა ინტენსიურ მსჯელობას. ღონისძიების დასასრულს, ზვიად გაბისონიამ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა განათლების პანელის ორდღიანი მუშაობისა და დისკუსიის შეჯამება.