შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ეხმარება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრაში - სტრატეგიული სამეცნიერო თემებიდან ფუნქციონალურ პრიორიტეტებამდე

დაძმობილების პროექტმა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გასაძლიერებლად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად 2022 წლის 23-25 მარტს გამართა რამდენიმე ინტერვიუ ფოკუს ჯგუფებში. შეხვედრაზე სხვადასხვა კლასტერის, ასოციაციისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შესაძლო თემები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. „ეს შეხვედრები იქნება მეცნიერებასა და ბიზნესს, ან თუნდაც, ზოგადად, საზოგადოებას შორის, უფრო მჭიდრო კავშირებისთვის საქართველოში საჭირო პოტენციალის გამოსავლენად ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, რომლებიც ზოგადად არსებობს მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ შევძლებთ პერსპექტიული სფეროების და თანამშრომლობის გზების გამოვლენას და ამისათვის, თუ საჭირო გახდება, გავცემთ მითითებებს მეცნიერების დარგში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე“ -აღნიშნა პროექტის ლიდერმა, ვოლფგანგ პოლტმა, იოანეუმ კვლევითი ინსტიტუტიდან (ავსტრია).

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ, აღნიშნა, რომ სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსების და ზოგადად ფონდის განვითარებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც განიხილეს ბოლო ათწლეულის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები საქართველოში და სხვადასხვა დარგის აკადემიკოსების საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანია მეცნიერებასა და ბიზნესის თანამშრომლობისთვის. “ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ქვეყანაში მაინც სახეზე გვაქვს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების პროცესი სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ეს ინოვაციური ტექნოლოგიები საინტერესოა პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით და უნდა გახდეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საგანი“-აღნიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კრეატიული მრეწველობისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს დარგის საჭიროებები და გამოწვევები.

ინტერვიუების დროს აღინიშნა, რომ საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ფუნქციონალური პრიორიტეტების განსაზღვრა უფრო მნიშვნელოვანია მიმდინარე ეტაპზე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისთვის, რაც გამოიწვევს მდგრადი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას. „ფუნქციონალური პრიორიტეტები ავსებს თემატურ პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს განსაკუთრებით მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემის ფუნქციონალური ნაკლოვანებების აღმოფხვრას. ასეთი ფუნქციონალური პრიორიტეტები შეიძლება შეეხოს, მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიცაა საწარმოების უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი საერთო ლაბორატორიული სივრცეებით ან ბიზნეს სექტორის საჭიროებებზე მორგებული კვლევითი პერსონალის მომზადება“- აღნიშნა ქრისტიან ჰარტმანმა, იოანეუმ კვლევითი ინსტიტუტიდან (ავსტრია), კომპონენტის ლიდერმა, რომელიც პასუხისმგებელია სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირებაზე საქართველოში.

„საქართველოში ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველო საოცარი ქვეყანაა, რომელიც შთააგონებს ადამიანებს დიდ იდეებსა და მიღწევებს და შეუძლია გააერთიანოს საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა სფეროებიდან. მართლაც, ინტერდისციპლინურობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მნიშვნელოვანი მიღწევის მაგალითად მინდა აღვნიშნო გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს, და ბაქტერიოფაგები, რომელიც მთელ მსოფლიოში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა მიკრობიოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ“, - განაცხადა ინეს გავარანემ, დაძმობილების პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში.