ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grants-ის შედეგები
ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) Consolidator Grants-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული გრანტი, რომელიც მეცნიერების გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შემადგენელი ნაწილია. გრანტით გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც 630 მილიონ ევროს უტოლდება, გადაეცემა 329 მკვლევარს ევროპის მასშტაბით.
კარლოს მოედასმა, ევროკომისარმა კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით, განაცხადა: „ჰორიზონტი 2020 დააფინანსებს 329 მეცნიერს ERC-ის გრანტის ფარგლებში, რითაც ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეცნიერების განვითარებას. აგრეთვე, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ქალი მეცნიერების ჩართულობა ERC-ის კონკურსებში თანდათან იზრდება. ამ მიმართულებით კვლავ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი, თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო კვლევისა და ინოვაციის სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით მუშაობა“.
ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟან-პიერ ბურჟინიონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამეცნიერო საბჭოს სახელით, მოხარული ვარ, მივულოცო ERC-ის გრანტიორებს. ასევე მადლიერებას გამოვხატავ იმ 3 000-ზე მეტი წამყვანი მეცნიერისა და მკვლევარისადმი, რომელთაც კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევისა და შეფასებისათვის გაწიეს თავდაუზოგავი შრომა. აღნიშნული გრანტი წაახალისებს მეცნიერებს და ხელს შეუწყობს მათ თავიანთი გაბედული იდეებისა და ინიციატივების განვითარებაში“.
გრანტიორები თავიანთ პროექტებს განახორციელებენ ევროპის 22 ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. ყველაზე მეტი პროექტი (60 გრანტი) გაერთიანებული სამეფოში განხორციელდება, რომელსაც მოჰყვება გერმანია (56 გრანტით), საფრანგეთი (38), ნიდერლანდების სამეფო (25).
აღნიშნულ კონკურსში, 39 ეროვნების მკვლევარმა მოიპოვა დაფინანსება, რომელთა შორის არიან გერმანელები (55 გრანტი), იტალიელები (33), ფრანგები (32) და ბრიტანელები (31 გრანტი). ახალი გრანტიორების მიერ შემოთავაზებული კვლევითი პროექტები მოიცავს სხვადასხვა საკითხს ფიზიკური მეცნიერებებისა და ინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. (იხილეთ მეტი).
ევროპული კვლევების საბჭომ სულ 2, 538 განაცხადი შეაფასა, რომელთაგან 13%-მა მოიპოვა დაფინანსება და მათგან 32%-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი ქალია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ გრანტები 2 000 დამატებით სამუშაოს შექმნის პოსტ-დოქტორანტებისათვის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და კვლევით ჯგუფებში ჩართული სხვა პერსონალისათვის (იხილეთ სტატისტიკა).
გამარჯვებული მკვლევრების სია ანბანური რიგის მიხედვით
გამარჯვებული მკვლევრების სია სამეცნიერო დარგების მიხედვით:
. ფიზიკური მეცნიერებები და ინჟინერია;
. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
სტატისტიკა - Consolidator Grants 2017
Consolidator Grant:
ERC-ის Consolidator Grants განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის გამორჩეული მკვლევრებისთვის, რომელთაც აქვთ 7-12 წლიანი კვლევითი გამოცდილება. კვლევა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ან ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის საჯარო ან/და კერძო კვლევით ორგანიზაციაში. გრანტი (მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო პროექტისთვის) 5 წლამდე ხანგრძლივობის პროექტებისთვისაა განკუთვნილი და ითვალისწინებს დაფინანსებას მკვლევრებისა და პროექტში ჩართული ჯგუფის წევრებისათვის.
ERC-ის შესახებ
ევროპული კვლევების საბჭო დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის მიერ და არის პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აფინანსებს გამორჩეულ მკვლევრებს. ERC-ს აქვს სამი მთავარი საგრანტო სქემა: ERC Starting Grants - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის, Consolidator Grants – 7-12 წლის კვლევითი გამოცდილების მქონე მკვლევრებისთვის და Advanced Grants - დამკვიდრებული მკვლევრებისთვის. ამასთანავე, ERC Synergy Grants განახლდა 2017 წელს.
ERC-ს კონკურსების ფარგლებში, დღემდე, სულ დაფინანსებულია 7500 წამყვანი მკვლევარი და 50 000-მდე პოსტ-დოქტორანტი, დოქტორანტი და პროექტებში ჩართული სხვა კვლევითი პერსონალი. ERC-ის 2017 წლის ბიუჯეტია 1.8 მილიარდი ევრო, რაც ევროპაში კვლევის მიმართულებით მთლიანი დაფინანსების 1%-ია. ევროკომისარი კარლოს მოედასი არის პასუხისმგებელი ევროპული კვლევების საბჭოს ფუნქციონირებაზე და პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2014-2020 წლებისათვის 13 მილიარდ ევროს შეადგენს. ERC-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭო მართავს, რომელსაც 2014 წლის იანვრიდან ERC-ის პრეზიდენტი, ჟან-პიერ ბურჟინიონი ხელმძღვანელობს.