შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის ივნისის მეორე ნახევარში. იხილეთ კონკურსის განახლებული დებულება  - საქართველოს მთავრობის დადგენილება N 84.

კონკურსის მიზანი:

ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. 

დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. 

სამეცნიერო მიმართულებები: 

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;

ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;

ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;

ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

 

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:

ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;

ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;

ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;

ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;

ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;

ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;

ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები;

 

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;

გ.ბ) კლინიკური მედიცინა

გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

გ.ე) მედიცინის სხვა დარგები;

 

დ) აგრარული მეცნიერებები:

დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;

დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;

დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები;

 

ე) სოციალური მეცნიერებები:

ე.ა) ფსიქოლოგია;

ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;

ე.გ) განათლების მეცნიერებანი;

ე.დ) სოციოლოგია;

ე.ე) სამართალი;

ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;

ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

ე.თ) მედია და კომუნიკაცია;

ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები;

 

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;

ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;

ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;

ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);

ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია, საჯარო კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტები.

სუბიექტები:

 კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. 

პროექტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. 

პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია/ები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო   სამართლის   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული   პირი, რომელის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.

პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი.

პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი.          

პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი.

პროექტში შეიძლება შეიძლება ჩართული იყოს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ი – პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, მაგისტრი, ან დოქტორი, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე, მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი.

პროექტს შეიძლება ჰყავდეს დამხმარე პერსონალი  – პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს   ტექნიკური   საკითხების მოგვარებაში; დაუშვებელია დამხმარე პერსონალის ფუნქციები შეითავსოს პროექტის ძირითადმა პერსონალმა. 

პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც   ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს;

პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია უხელმძღვანელოს მხოლოდ ერთ პროექტს. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები (FR, AR, DI). 

ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია ჩართული იყოს ჯამში მხოლოდ ორ პროექტში. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები. 

პროექტის ხანგრძლივობა:

24 თვე, ან 30 თვე, ან 36 თვე.

დაფინანსების პირობები:

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • 70 000 ლარს წელიწადში შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებისათვის: ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ზ)  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც მოიცავს აქ დასახელებულ ოთხ სამეცნერო მიმართულებას.
  • 50 000 ლარს წელიწადში შემდეგი სამეცცნიერო მიმართულებებისათვის: ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც მოიცავს აქ დასახელებულ ორ სამეცნიერო მიმართულებას.

შეფასება:

კონკურსში ფარგლებში შემოსული პროექტები ფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. 

ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! 

პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე. 

გთხოვთ, პროექტების შეფასების კრიტერიუმები იხილოთ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში და გაითვალისწინოთ საპროექტო წინადადების მომზადების დროს.

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტების ფორმები, პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის მისამართი და რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია, ასევე - კონკურსის განრიგი მნიშვნელოვანი თარიღების მითითებით.