შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ჰორიზონტი ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წლის 27 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო ოფისის ადგილობრივი კოორდინატორის, ბატონ ლევან კვარაცხელიას ორგანიზებით უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის გაიმართა „ჰორიზონტი ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა, რომელზედაც საგანგებოდ მოწვეული იყვნენ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ოკუჯავა; მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინი შენგელია; „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწე, ქალბატონი თამუნა გამყრელიძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰორიზონტი ევროპის საგრანტო ოფისის კოორდინატორი, ბატონი ლუკა ქემოკლიძე.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე: მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ თქვენი გულწრფელი დამოკიდებულებისათვის ჩვენი უნივერსიტეტისადმი. დღეს უნივერსიტეტების როლი ჩვენთან და უცხოეთში, ვფიქრობ, სრულად არაა გამოყენებული. ამასთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებს, ზოგ შემთხვევაში, აქაც და საზღვარგარეთაც, უჭირთ მიმდინარე საჭირბოროტო პროცესებისადმი სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების განსაზღვრა, რაც, დამერწმუნებით, მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ სივრცის სრულ შესაძლებლობას, რასაც აკადემიური და საუნივერსიტეტო თავისუფლება ჰქვია. სწორედ უნივერსიტეტი უნდა იყოს ის ველი, მოედანი, სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების შემუშავება და გადაწყვეტის გზების პოვნა. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი ჩემს ახალ მონოგრაფიაში „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა და სადაც წამოყენებულია საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა. მინდა გითხრათ, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“ – როგორც მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა და კონფლიქტის მოგვარების ახალი ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა – უკვე არაერთი უცხოური უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი დაინტერესდა. მალე ამ საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციებიც გაიმართება. აქედან გამომდინარე, „ჰორიზონტი ევროპა“ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვაძლევს კონსორციუმები, კავშირების ორგანიზებისათვის, რათა ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ როგორც სამშვიდობო პროცესების ინტენსიფიკაციისათვის, ასევე – საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად არაერთ საინტერესო იდეის განხორციელებაზე ვიმუშავებთ.

აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ ცვლილებებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც რექტორ ზურაბ ხონელიძის სახელს უკავშირდება: მე სასიამოვნოდ გახარებული ვარ, რომ დღეს ეს უნივერსიტეტი ქვეყნის სახეს წარმოადგენს. არაერთხელ მითქვამს და დამიდასტურებია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება და მისი გაზრდილი ცნობადობა სწორედ რექტორ ზურაბ ხონელიძის პირადი დამსახურებაა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უნივერსიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „ჰორიზონტი ევროპის“ განვითარებაში და თავადაც დიდ სარგებელს მიიღებს ამ პროცესისგან. განსაკუთრებით კი იმ იდეის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რომელსაც ბატონი ზურაბი ასე თვალსაჩინოდ გადმოგვცემს მის ნაშრომში. დამერწმუნეთ, ამ საკითხით არა ერთი სახელმწიფო დაინტერესდება და „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საგანგებო პარტნიორების მოძიება არ გაგიჭირდებათ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ მალე არაერთ საინტერსო საგრანტო კონკურსს შემოგთავაზებთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ თქვენი უნივერსიტეტის მკვლევარებს დააინტერესებთ.

„ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ოკუჯავამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: ვუსმენდი ბატონ რექტორს და მინდა ვთქვა, რამდენად სწორად და ზუსტად ახორციელებს ის სამეცნიერო პოლიტიკას თქვენს უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელზედაც აქ ბატონი ზურაბი გვესაუბრა, არის ის, რასაც, ზოგადად, ეფუძნება „ჰორიზონტი ევროპის“ პოლიტიკა და ფილოსოფია. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევან კვარაცხელიას, რომელიც ძალიან ინიციატივიანი ახალგაზრდაა.

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნინი შენგელიას თქმით, მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის მიზანია, „დავეხმაროთ ქართველ მეცნიერებს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასავლელ კოლეგებთან მიმართებაში. მეც ასევე მინდა გამოვყო ბატონ ლევან კვარაცხელიას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენს საერთო საქმიანობაში“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე: ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ 10 საპილოტე უმაღლეს სასწავლებელს შორისაა, რომელშიც საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი გაიხსნა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იქნება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე: მიხარია, რომ ეს მნიშვნელოვანი ფონდი ჩვენს უნივერსიტეტშიც შემოვიდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად არის ის ინსტიტუცია, რომ აქ სერიოზული სამეცნიერო პროდუქცია შეიქმნას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მეცნიერების განვითარებაში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა: ჩვენი უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია „ჰორიზონტის“ პროექტებში მონაწილეობა, როგორც სამეცნიერო და ადმინისტრაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ინტერნაციონალიზაციისათვის.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ მ. ოკუჯავამ ისაუბრა „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ზოგად სტრუქტურასა და იმპლემენტაციის სამი ძირითადი კომპონენტის შესახებ; თ. გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა პერსონალური პროფილის შექმნასა და პარტნიორების ძიების მექანიზმზე; ლ. ქემოკლიძემ ისაუბრა ორგანიზაციული პროფილის შექმნაზე; ნ. შენგელიამ საზოგადოებას გააცნო ევროპული კვლევების საბჭო.

შეხვედრა შეაჯამა, მოწვეულ და დამსწრე სტუმრებს გამოხატული ინტერესისათვის მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ხელმძღვანელმა ლ. კვარაცხელიამ, რომელმაც ასევე, დასკვნით მოხსენებაში, ისაუბრა მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების შესახებ.