შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შეფასების შესახებ

2019 წლის 4 თებერვალს გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის  სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის  შედეგები. კონკურსში გაიმარჯვა 67-მა სამეცნიერო  პროექტმა.  ეს ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტია,   გამარჯვებული პროექტების  დასაფინანსებლად 3 წლის განმავლობაში  გამოყოფილია  13 201 657  ლარი.

სულ კონკურსზე დარეგისტრირდა  509 საპროექტო განაცხადი, რომელთაგანაც 21 მოიხსნა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის მიზეზით. კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი 488 განაცხადი შეფასებული გახლდათ საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ფონდის არსებობის  განმავლობაში პირველად ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council –ERC) სტანდარტის შესაბამისად,  პროექტები  შეფასდა 2 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შემდგომ განხილულ იქნა დარგობრივ სამეცნიერო პანელებზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო  26 ქვეყნის 113 ინსტიტუციის წარმომადგენლებით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის 20 უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის, საფრანგეთის - 18,   იტალიის-  12,  გერმანიის-  10,  ნიდერლანდების -7 და სხვა ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო  ინსტიტუციების მიერ. პანელური განხილვის შემდეგ თითოეულ კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს მიენიჭა ერთიანი შემაჯამებელი ქულა და კომენტარი.   

შეფასების აღნიშნული პროცესი განხორციელდა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ფონდს (European Science Foundation - ESF) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, ევროპული სამეცნიერო ფონდის  ექსპერტების მიერ.

ევროპული სამეცნიერო ფონდი ახდენს ევროპული კვლევითი თანამშრომლობისათვის ერთიანი პლატფორმის უზრუნველყოფას, შესაბამისად, მას გააჩნია სამეცნიერო ექსპერტიზის მრავალწლიანი გამოცდილება, ფლობს საერთაშორისო ექსპერტების ვრცელ და მძლავრ ბაზას მეცნიერების ყველა მიმართულებით.

2009 წლიდან ESF- ი ახორციელებს საექსპერტო მომსახურებას სხვადასხვა სამეცნიერო ფონდების, სააგენტოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ევროპული კოსმოსური სააგენტოს, HERA კონსორციუმის, GRAPHENE, EUROPLANET, პორტუგალიის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფონდის (FCT), ბორდოს, ლუქსემბურგის, ნეაპოლის, პეიმონტეს და ტურინის უნივერსიტეტებისათვის, ასევე AXA-ს კვლევითი ფონდებისათვის.

2014 წლიდან ESF- მა განახორციელა 5200-ზე მეტი კვლევითი და სასტიპენდიო განაცხადის შეფასება და შექმნა 60-ზე მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო პანელი.

ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ESF თანამშრომლობის შედეგად მოხდა სამეცნიერო პროექტების არა მხოლოდ შეფასება,  არამედ ექსპერტთა რჩევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემაც, რომელთა შემდგომ კონკურსებზე გათვალისწინება როგორც რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის, ისე  მეცნიერების მხრიდან,   ხელს შეუწყობს სამომავლოდ ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების ხარისხის  ამაღლებასა და ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ზრდას, როგორც Elsevier-ის პროდუქტ “Funding Institutional”, ასევე   ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია Horizon 2020 (მათ შორის EURAXESS-ის, რომლის წევრიც საქართველო 2019 წლის სექტემბერში გახდა) პლატფორმაზე გამოცხადებულ საერთაშორისო  კონკურსებში, რაც საბოლოოდ,  საქართველოს მეცნიერების კონკურენტუნარიანობის ზრდისა  და მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში მისი   ფართომასშტაბიანი   ინტეგრაციის საფუძველი იქნება.

იხილეთ:

FR კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასებაში მონაწილე ინსტიტუციების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

FR პროექტების სტატისტიკა სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით

FR დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა სამეცნიერო ქვემიმართულებების მიხედვით