შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ისტორიული ბაიბურთის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციის ანგარიშის წარდგენა

21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბაიბურთის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციის ანგარიშის წარდგენა.

2019 წელს ისტორიულ ბაიბურთში ექსპედიცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი“ ფარგლებში.

საქართველოს ისტორიულ მხარეებში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკა) ინტენსიური საკვლევი ექსპედიციები ტარდება 2012 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მონაწილეობით.

ექსპედიცია განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ.

20 დღიანი საკვლევი ექსპედიციის დროს გადამოწმდა 190-მდე ისტორიული სოფელი და მისი შემოგარენი, დაფიქსირდა ლიტერატურიდან ცნობილი კულტურის 120-ზე მეტი ძეგლი, მათ შორის, გამოვლინდა 70 კულტურის უცნობი ძეგლი (მათ შორისაა ეკლესია-მონასტრები, საფორთიფიკაცო ნაგებობები და სხვა).

მოხდა თითოეული ძეგლის ფოტოფიქსაცია, გაკეთდა ანაზომები და ანოტაციები, დადგინდა GPS კოორდინატები.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ბაიბურთში, რომელიც მეცნიერთა ნაწილის მიერ მიჩნეულია ქართულ, ისტორიულ პროვნიციად, ქართველი მკვლევარების მიერ სამეცნიერო კვლევა არასდროს ჩატარებულა. ამ მხარეში არსებული კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

მკვლევართა ჯგუფის მიერ ისტორიული საქართველოს მხარეებში, ძირითადად კი ტაო-კლარჯეთში განხორციელებული კვლევები ქვეყნდება 2012 წლიდან, ყოველწლიურად.

წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიით და ისტორიული გეოგრაფიით დაინტერესებულ და ზოგადად, კულტურით დაინტერესებულ პირებს.