შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

იულიხის კვლევით ცენტრთან ერთად ფონდი დააფინანსებს პირველი SMART/EDM ლაბორატორიის დაფუძნებას თსუ-ში

2016 წლის 29 აგვისტოს ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იულიხის კვლევითი ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ ხელშეკრულებას თსუ-ში პირველი SMART|EDM  ლაბორატორიის შექმნისა და 5 წლიანი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ. SMART|EDM_lab წარმოადგენს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას, რომელიც ყალიბდება საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო,  ასევე, ადგილობრივი მეცნიერები.

ხელშეკრულების ხელმოწერით გაიხსნა ფუნდამენტურ მეცნიერებებში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ღონისძიება, რომელიც “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.  ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს შტროერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, თსუ-ს რექტორის  მოვალეობის  შემსრულებელი  ქალბატონი  დარეჯან   თვალთვაძე,   რექტორის     მოადგილე     ბატონი    მერაბ  ელიაშვილი,  იულიხის  კვლევითი  ცენტრის  წარმომადგენელი     ბატონი ანდრო კაჭარავა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.

SMART|EDM ლაბორატორიის დაფინანსება დაიწყება 2017 წლიდან ფონდის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და მას წარუძღვება საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული მოწინავე ახალგაზრდა მეცნიერი და გააღრმავებს უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს იულიხის ცენტრის მკვლევარებთან. კონსორციუმის წევრებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. SMART|EDM ლაბორატორიის მუშაობაში ჩართულნი იქნებიან დოქტორანტები და მაგისტრანტები აღნიშნული უნივერსიტეტებიდან. იულიხის ცენტრის მხარეს წარმოადგენენ: ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM),  იულიხის ნეიტრონული მეცნიერების  ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი (ZEA) .

შეთანხმების თანახმად მხარეები  უზრუნველყოფენ ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას. პროექტის ხანგრძლივობაა 5 წელი (შესაძლო შემდგომი ხუთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით). პირველი ხუთი წლის განმავლობაში SMART|EDM_lab-ის დაფინანსებაზე ერთობლივად გამოიყოფა 450 000 ევრო.

აღნიშნული ლაბორატორიის დაფუძნება და მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა დაბრუნებას, საერთაშორისო სტანდარტების მოწინავე კვლევის წარმოებას საქართველოში, მკვლევართა ახალი თაობების განვითარებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ში ქართველ მეცნიერთა აქტიურ მონაწილეობას.

აგრეთვე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.