ხელი მოეწერა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო და ვოლკსვაგენის ფონდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას
მიმდინარე წლის აპრილის თვეში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ვოლკსვაგენის ფონდს (Volkswagen foundation) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს ორი ინსტიტუციის კოლაბორაციას სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების დაფინანსების მიზნით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, დააფინანსონ კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ოთხწლიანი სადოქტორო პროგრამები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ იქნება შემუშავებული და ერთობლივად განვითარებული.
ორ ფონდს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციური კოლაბორაციის გაძლიერებას, საქართველში საერთაშორისო ხარისხის სადოქტორო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას, საქართველოს და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
თანამშრომლობა ხორციელდება ვოლკსვაგენის ფონდის შემდეგი ინიციატივის ფარგლებში: ‘Between Europe and the Orient – A Focus on Research and Higher Education in/on Central Asia and the Caucasus’ (ევროპასა და აღმოსავლეთს შორის - კვლევა და უმაღლესი განათლება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში).