შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ღონისძიება მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარების შესახებ

14 აპრილს, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-მ ევროკომისიის NI4OS-Europe პროექტის ფარგლებში გამართა ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარების ღონისძიება. კოვიდპანდემიის გამო შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კვლევითი და საგანმანათლებლო საზოგადოების 40-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. მომხსენებლები იყვნენ: ჯაბა სამუშია (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), რამაზ ქვათაძე და თამარ გვენეტაძე (“გრენა”). პრეზენტაციებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ღია მეცნიერების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში, NI4OS-Europe პროექტი, ეროვნული ღია მეცნიერების ინიციატივა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა: „ევროპის ღია მეცნიერების ქლაუდ ინიციატივა რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა მიზნად ისახავს ევროპაში მონაცემთა და ცოდნის ბაზაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნას. ბოლო წლების განმავლობაში ღია მეცნიერებამ შეიძინა დიდი მნიშვნელობა და მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს მრავალ მკვლევართა შორის. მეცნიერული კვლევის შედეგებზე ღია წვდომის არებობა სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება და აღნიშნულ პროცესებში ქართველი მეცნიერების ჩართულობა დადებითი შედეგის მომტანი იქნება საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით.“

დამსწრე საზოგადოების მხრიდან შეხვედრამ დაიმსახურა მოწონება, მონაწილეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ევროპის ღია მეცნიერების ქლაუდის EOSC და NI4OS-Europe პროექტის მიმართ. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილული იქნა მეცნიერებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ღონისძიების მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი ამ სფეროში თანამშრომლობის მიმართ.

NI4OS-Europe არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების ქლაუდის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევარებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, გაანალიზონ და გააზიარონ სამეცნიერო მონაცემები, რაც მათი მუშაობის ეფექტიანობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.