შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მონოგრაფია „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში"

 

24 ივნისს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17 - მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“ ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიის - „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში“ (XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე)“ პრეზენტაცია. წიგნი მომზადდა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.
იდეის ავტორმა, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ირმა რატიანმა ისაუბრა ქართულ-ფრანგული კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის. პროექტის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის დოქტორმა, რუსუდან თურნავამ წარადგინა ეს მნიშვნელოვანი გამოცემა, ყურადღება გაამახვილა ჩატარებული კვლევების სამეცნიერო ღირებულებასა და მიზნებზე; წიგნის ავტორებმა, პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს XVII – XX საუკუნის დასაწყისის ქართულ-ფრანგული ინტერკულტურული ურთიერთობის ძირითადი მიმართულებების კვლევის შედეგებზე ფართო ისტორიულ-ლიტერატურული მასალის საფუძველზე. აქამდე უცნობი, ფრანგულიდან თარგმნილი და გადმოკეთებული ხელნაწერი პიესების მაგალითზე განიხილეს ქართულ თეატრში ევროპეიზმის დამკვიდრების პროცესი, ახალი მიმართულებები და თემები; წარმოადგინეს ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში პირველად კლასიფიცირებული და მეცნიერულად შესწავლილი 1870 – 1910 წლებში შესრულებული ახლად აღმოჩენილი ფრანგული პიესების ქართული თარგმანები და ადაპტაციები, მსოფლიო დრამატურგიისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლე -მოლიერის 5 პიესის თანამედროვე ასირიული თარგმანი, ქართულ დრამატურგიაში ფრანგული კომიკური და დრამატული სახეების რეფლექსიის ანალიზი, ქართულ პერიოდიკაში ქართველ მთარგმნელთა მოღვაწეობის ამსახველ მასალები, ქართველ დრამატურგთა და მთარგმნელთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი პირადი წერილები და სხვ.