ოქსფორდში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის კონფერენცია გაიმართა
28 თებერვალს, ოქსფორდში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი პროგრამის მეორე კონფერენცია.
ოქსფორში, წმ. ენტონის კოლეჯის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევების ცენტრის (REES), ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური სკოლის (SIAS) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) ერთობლივი პროგრამის - Georgian Studies Research Programme ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ოქსფორდისა და გაერთანებული სამეფოს სხვა კვლევითი უნივერსიტეტების ცნობილი მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები, საქართველოს საკითხებზე მომუშავე გამოჩენილ ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად. კონფერენცია გახსნეს წმ. ენტონის კოლეჯის დირექტორმა, პროფ. როჯერ გუდმანმა, საქართველოს ელჩმა გაერთანებულ სამეფოში, ქ-მა თამარ ბერუჩაშვილმა და REES-ის ხელმძღვანლმა, პროფ. დენ ჰეილიმ. კონფერენციას მიწვეული იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.
უკვე მესამე წელია, რაც ფონდი აფინანსებს ახალგაზრდა ქართველ მკვლევართა ერთწლიან სამეცნიერო მუშაობას ოქსფორდის უნივერსიტეტში. გამოცხადებულია ახალი კონკურსიც 2019 წლის სტიპენდიებზე. გაიცემა 3 სტიპენდია: ერთი-სოციალურ მეცნიერებებში, ერთი-ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ერთიც ოქსფორდის უნ. ბოდლეინის ბიბლიოთეკის ვორდროპების კოლექციის კვლევისათვის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში 2015 წლის 23 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმების საფუძველზეც საქართველოდან ყოველწლიურად 3 მკვლევარი დაფინანსდება. საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფონდი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და 2018 წლიდან ევროპის 7 უნივერსიტეტში დაარსდება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამები.