შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანელ მეცნიერებს – დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის დირექტორს, თსუ და სტუ-ს საპატიო დოქტორს სებასტიან შმიდტს, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, თსუ-ს და სტუ-ს საპატიო დოქტორს, პროფესორ ჰანს შტროერსა და იულუხის კვლევითი ცენტრის ნეურო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ს საპატიო დოქტორს პროფესორ ჯონ შაჰს უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB)“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ამ შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ერთობლივი კვლევითი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასა და საქართველოსა და გერმანიას შორის მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს პროექტის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB)“ ფარგლებში.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის დირექტორმა, სებასტიან შმიდტმა, იულუხის კვლევითი ცენტრის ნეურო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შაჰმა.
გერმანული მხარიდან კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები არიან იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როსენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევის ცენტრი (GSI).
კვლევითი პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქვეყნის სხვა უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები გერმანიაში სამეცნიერო სტაჟირებასა და უახლესი, მაღალი დონის სამეცნიერი კვლევების წარმართვას შეძლებენ, როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებით.