რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის საანგარიშო პრეზენტაცია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით სხდომაზე
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ლაგოდეხში, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე კომიტეტის მიერ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით განხორციელებული თემატური მოკვლევის შესახებ საანგარიშო მოხსენებით წარდგა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას რუსთაველის ფონდის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
თეიმურაზ დოჭვირმა ისაუბრა ფონდის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებსა და სამოქმედო სტრატეგიაზე, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების მიზნებსა და განხორციელების ეტაპებზე, საუკეთესო პროექტების შერჩევისა და გამარჯვებულების გამოვლენის მექანიზმებზე, დაფინანსებული პროექტების განხორციელების მონიტორინგსა და მათი ეფექტიანობის შეფასებაზე. აღინიშნა, რომ ფონდის საქმიანობის მიზნებია გამორჩეული საუკეთესო ხარისხის სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განახლება - განვითარება, მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მეცნიერების პოპულარიზაცია საზოგადოებაში. 2023 წლის განმავლობაში ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსებისა და ორმხრივი საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 485 სამეცნიერო პროექტი, ფონდის გრანტი მოიპოვა 1593 -მა მკვლევარმა, მათ შორის, 634 ახალგაზრდა მეცნიერია.
ყურადღება გაnმახვილდა იმ ფაქტზე, რომ 2020-2023 წლებში საქართველოს სახელით გამოქვეყნდა 9000-ზე მეტი პუბლიკაცია, რომელთა ჯამური ციტირება აჭარბებს 100 000-ს. 1 პუბლიკაციაზე ციტირების საშუალო ინდექსი 11.1-ია, ხოლო საქართველოს H-ინდექსია 1.82 პუბლიკაციაზე. აღნიშნული პუბლიკაციები მოიცავს 4 200-ზე მეტ თემატიკასა და 1000-ზე მეტ თემატურ კლასტერს. საერთაშორისო რეიტინგებში გამოჩნდა ახალი მაჩვენებელი - ქართველი ავტორების პუბლიკაციების რაოდენობა, რომლებიც ციტირებულია საერთაშორისო პატენტებში, 2020-2023 წლებში 38 -ია, რაც იმედისმომცემია საერთაშორისო ტექ.ტრანსფერებში საქართველოს მეცნიერების პოტენციალის თვალსაზრისით.
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასევე ისაუბრა ფონდის სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე. მისი განცხადებით, ფონდის მართვის პროცესი ორიენტირებულია განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სამეცნიერო საგრანტო კონკურსების შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების დახვეწა-განახლებაზე.