შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

 

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიმართა  ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“.

26 -საუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე ისაუბრეს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა   დავით ფაცაციამ,    ისრაელის ელჩმა  საქართველოში ჰადას მეიცადმა,  საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ,   საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,  პარლამენტის წევრმა  გივი მიქანაძემ,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა,    წიგნის ავტორმა, ისტორიის დოქტორმა, დიპლომატმა    იაკობ ოფირმა, წიგნის  რედაქტორმა,  პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა  ინგა ღუტიძემ  და სხვებმა.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, პროფესორმა  თეიმურაზ დოჭვირმა:   „ძნელად  მოიძებნება  დღეს  მსოფლიოში  ორ  სახელმწიფოს,  ორ  ერს  შორის  ისეთი  სიყვარული,  მეგობრობა  და  ურთიერთდაფასება,  როგორიც  საქართველოსა  და  ისრაელს შორის   ურთიერთობაა,    ქართველებისა  და  ებრაელების  ძმობა  და  სიყვარულია. ამასთანავე,  ქართველ  ებრაელებს    მნიშვნელოვანი  წვლილი  მიუძღვით  ქართული  ეკონომიკის,  კულტურისა  და  მეცნიერების  განვითარებაში. შოთა  რუსთაველის  საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერი  ფონდის  ერთ-ერთი  პრიორიტეტია  საქართველოში  და  მის  ფარგლებს  გარეთ  არსებული  ქართული  ისტორიული  ძეგლების,  კულტურული  მემკვიდრეობის  ნიმუშების  შესწავლის  ხელშეწყობა,  მაღალი  ხარისხის  სამეცნიერო  პროექტების  დაფინანსება,  მათ  შორის,  საქართველოს  ისტორიისა  თუ  თანამედროვეობის  აქტუალური  საკითხების  კვლევების  ხელშეწყობა,  რაც  ებრაელი  ხალხის  ისტორიის,  ქართულ-ებრაული  ურთიერთობის  საკითხების  სიღრმისეული  კვლევა-ძიების  გარეშე  წარმოუდგენელია.  2015  წლიდან  ჩვენი  ფონდის  მიერ  ამ  თემატიკის  არაერთი  სამეცნიერო  პროექტი  დაფინანსდა, რომლებიც  ქართულ-ებრაულ  ურთიერთობებს  ეხება. რუსთაველის სამეცნიერო   ფონდი  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  მხარდაჭერით  მომავალშიც  განაგრძობს  ამ  მიმართულების  მნიშვნელოვანი  პროექტების  მხარდაჭერას,  რომლებიც  საზოგადოების  ცნობიერების  ამაღლებას,  საერთო  კულტურული  მემკვიდრეობის  სათანადოდ  შესწავლას  და  ორ  მეგობარ  ხალხს  შორის  ურთიერთობის  განმტკიცებას,  მომავალი  თაობების  ამ  სულისკვეთებით  აღზრდას  ემსახურება... დღეს  უმძიმესი  დღეები  უდგას  ჩვენს  მოძმე  ერს.  იმედს გამოვთქვამ,  რომ  ძალიან  მალე  დასრულდება  ეს  ტრაგედია  და  მშვიდობა  დაისადგურებს  სრულიად  ისრაელში“.

 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა. ორტომეულში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“. ღონისძიების პარალელურად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა  წარმოადგინა უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია (X საუკუნის მულაჟს, უნიკალური ხელნაწერის ერთადერთ ფაქსიმილურ გამოცემას), ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველ „ქართლის ცხოვრების“ ფურცლებს, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციებს, საინფორმაციო ბანერებს ტექსტებით.ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაციის, „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვების“  პარტნიორობით განხორციელდა.