შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდში ახალგაზრდა მეცნიერებსა და STARMUS -ის საორგანიზაციო ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების   წარმომადგენელ  ახალგაზრდა მეცნიერებსა და "STARMUS"-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ერეკლე ასტახიშვილი უძღვებოდნენ. "STARMUS"-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ასტროფიზიკოსი და „STARMUS“-ის ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.

შეხვედრის ფარგლებში, ნუნუ მიცკევიჩმა, რეგიონის მასშტაბით, მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით ფესტივალ "STARMUS"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში ქართველი მეცნიერების ჩართულობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

ერეკლე  ასტახიშვილმა ფესტივალის მასშტაბზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა,  პირადად გასცნობოდნენ ისეთი პრესტიჟული ფესტივალის შინაარსსა და კონცეფციას,  როგორიცაა "STARMUS"-ი.

თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ მეცნიერების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა სომხეთის  ხელისუფლების პრიორიტეტია, რასაც  "STARMUS"-ის  ფესტივალის მხარდაჭერა ცხადყოფს.

ფესტივალის  თანადამფუძნებელმა,  გარიკ ისრაელიანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მეცნიერების, განსაკუთრებით კი ასტროფიზიკის, კოსმოსური ტექნოლოგიების, გენური ინჟინერიის როლისა და მნიშვნელობის ზრდაზე მთელ მსოფლიოში. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას "STARMUS"-ის ფესტივალის პროგრამისა და მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდა მეცნიერებმა სტუმრებს შეკითხვებიც დაუსვეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.