შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული ქვეყანა გახდა

2016 წლის 29 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს “ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”. 

ამ ხელმოწერით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, ისტორიული მნიშვნელობის ეტაპი დაიწყო.

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები.

ჰორიზონტი 2020 პროგრამის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპელი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის, ამიტომ ჰორიზონტი 2020-ს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნია. 

აღნიშნული სრულ თანხვედრაშია, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რომელიც მოწოდებულია ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და განავითაროს ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის მდგარდი განვითარების მამოძრავებელი ძალა.

ჰორიზონტი 2020 პროგრამაში გაწევრიანებით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი, რომ მეცნიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტია.

ჰორიზონტი 2020-ში საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, ბიზნეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) შეეძლებათ იგივე პირობებით, სტატუსით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. საქართველოს მონაწილეებს უფლება ექნებათ უხელმძღვანელონ და კოორდინირება გაუწიონ ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებს.

ევროკომისიის პრესს რელიზის ნახვა შესაძლებელია ბმულზე