შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„სეისმური საშიშროების შეფასება სქართველოსთვის და სეისმური რისკის ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“

ა.წ. 19 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იყო  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სეისმრური საშიშრების შეფასება სქართველოსთვის და სეისმური რისკის ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“ შედეგები.

მომხსენებლები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის სექტორის გამგე, მთავარ მეცნიერ თანამშრომელი დოქ. ნინო წერეთელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერები ზურაბ გოგოლაძე და დავით სვანაძე, ასევე პროექტის უცხოელი კონსულტანტი,  იტალიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს გარემოს გეოლოგიისა და გეოინჟინერიის ინსტიტუტის მკვლევარი დოქ. მასიმილიანო მოსკატელი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. კერძოდ, განხორციელდა: სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის; ლოკალური სეისმური საშიშროების დადგენა (სეისმური მიკროზონირება) ქ. მცხეთისთვის; სეისმური რისკის შეფასება და მისი შემცირების ღონისძიებების ჩამოყალიბება.

პროექტის რეალიზაციის პროცესში მოხდა ახალგაზრდა მეცნიერების მივლინება საზღვარგარეთ, სეისმური საშიშროებისა და მიკროზონირების შეფასების თანამედროვე მეთოდების ათვისება და მათი დანერგვა საქართველოში.  

ქ. მცხეთის ტერიტორიისათვის სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების, ერთიანი მეთოდოლოგიით განხორციელებული სეისმური მიკროზონირების, განაშენიანების მოწყვლადობის შეფასებისა და ავარიული ზღვრული მდგომარეობის ანალიზის შედეგები გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ეს ინფორმაცია ძალზედ მნიშველოვანია მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, რათა შეიქმნას ისეთი ურბანული გარემო, რომელიც დაცული იქნება დამანგრეველი მიწისძვრებისგან და შემცირებული იქნება მოსალოდნელი დანაკარგები. ქ. მცხეთა  პირველი ქალაქია საქართველოში, რომლის გენერალური გეგმის შემუშავება დაეფუძნება თანამედროვე მეთოდებით შეფასებული სეისმური საშიშროებისა და რისკის ახალ შედეგებს.