შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფონდმა  2019 წელს  განხორციელებული პროგრამების შედეგები და 2020 წლის გეგმები წარადგინა.

მიხეილ ჩხენკელმა ფონდის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მეცნიერებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, განათლების ხარისხის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ამ მიზნის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესია უცხოეთის ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ახლაგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა.

ზვიად გაბისონიამ ფონდის 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარების, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კერძოდ: საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპულ ორგანიზაციის EURAXESS-ის, ევროპელ მკვლევართა ასოციაციის EUROSCIENCE-ის და „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის წევრი გახდა, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს.

2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი პროგრამა განახორციელა. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS გამოცხადდა. გარდა ამისა, დაწესდა რამდენიმე სახელობითი სტიპენდია, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით უკვე გამოვლინდნენ.

წელს პირველად სამეცნიერო ფონდმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების  მიმართულებით ახალი საგრანტო კონკურსები გამოაცხადა,რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს ოკუპირებული და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაა.

საქართველოს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად უმსხვილეს საერთაშორისო ბაზაზე Elsevier-ზე გაეხსნათ წვდომა.

 

რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები: ირინე აბულაძე, ნუნუ მიცკევიჩი, ეკატერინე დგებუაძე, თამარ ქიტიაშვილი, შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,ახალგაზრდა მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში 3 პანელი გაიმართა: სამეცნიერო კვლევების განვითარება, მეცნიერების პოპულარიზაცია და  მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია.