შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი კვლევითი პროექტების განაცხადების შეფასებისას, ფონდის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვას ეხება, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს თავის პოზიციას:

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცვლის ფონდის მუშაობის პრინციპს და შეიცავს რისკს, ხელი შეეშალოს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში საგრანტო დაფინანსების პროგრამებში პროექტების მიუკერძოებელი, ხარისხიანი შეფასების პროცესს და აგრეთვე, აფერხებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას. ექსპერტებთან ფონდის თანამშრომლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები, ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში, უარს აცხადებდნენ საკონკურსო პროექტების შეფასებაზე. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ეროვნული და საერთაშორისო ფონდებისთვის ექსპერტების კონფიდენციალურობა პროექტების შეფასების ძირითადი პრინციპია. 2016 წლიდან, ფონდი თანამშრომლობს აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან, სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდთან (CRDF Global) და ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტების ორგანიზაციასთან (ORAU) ფუნდამენტური, გამოყენებითი, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით. აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებული შეთანხმებებით, შეფასების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ვინაობა ასევე კონფიდენციალურია. 

ამასთანავე, 2015 წლიდან ფონდი ყოველი წლის ბოლოს ვებგვერდზე ანბანური თანმიმდევრობით აქვეყნებს იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობას, რომლებიც ფონდთან სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში შემოსული განაცხადების კომისიური წესით შეფასებისას თანამშრომლობდნენ. აღნიშნული პრაქტიკა მიღებულია ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებშიც და უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო საზოგადოებასთან ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით.