თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი ფონდში
მიმდინარე წლის 22 ივლისს, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის, პროფ. არიფ ერგინის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა TUBITAK-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრას ეწრებოდნენ: პროფ. არიფ ერგინი, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელი, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი სელდა ულუტასი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი მუთებერ კილიჩი. საქართველოს მხრიდან მოწვეულები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდსა და TUBITAK-ს შორის დაწყებული ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და მობილობის მხარდამჭერი პროექტების მხარდაჭერას, გაგრძელდება და გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. პროფ. არიფ ერგინი გაეცნო შეხვედრაზე წარმოდგენილი ინსტიტუციების თურქეთთან სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, მათთან ერთად განიხილა შესაძლო სამომავლო კოლაბორაციის ფორმატი. დაინტერესების და მხარეთა მზაობის შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სამეცნიერო ღონისძიება (ფორუმი) საქართველოს და თურქეთის მეცნიერთა მონაწილეობით, რომელიც მკვლევრებს ერთმანეთის გაცნობისა და ერთობლივი პროექტის კონცეფციის შემუშავების საშუალებას მისცემს.
პროფ. არიფ ერგინმა შეხვედრაზე მობრძანებულ კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) მხრიდან თანამშრომლობის მზარდი ინტერესი დაუდასტურა.