შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

იტალიელი ქართველოლოგი ლუიჯი მაგაროტო

 

ლუიჯი მაგაროტო – იტალიელი ქართველოლოგი, ვენეციის კა'ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჯილდოს „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ მფლობელი.

სხვადასხვა დროს ლუიჯი მაგაროტომ იტალიური ენაზე თარგმნა ქართველი მწერლების – ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის და სხვათა საუკეთესო ნაწარმოებები. მას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ქართული ლიტერატურის შესახებ. XX საუკუნის  80-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ვენეციის უნივერსიტეტში გამოიცა ორი ქართველოლოგიური სამეცნიერო კრებული -  „გეორგიკა I“ და „გეორგიკა II“, ხოლო მ. მარძადურისა და ჯ. პაგანი ჩეზასთან ერთად მისი რედაქტორობით გამოქვეყნებულ  მონოგრაფიას „ავანგარდი ტფილისში“ (ვენეცია, 1982, იტ. ენაზე) საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლისათვის. ცნობილი მეცნიერის ლიტერატურათმცოდნეობითი გამოკვლევები ქართველოლოგიის დარგში, ძირითადად, XX ს.-ის პირველი ნახევრის ქართულ ლიტერატურას ეხება, განსაკუთრებით,  „ცისფერყანწელების“ მოღვაწეობას. ამ მხრივ აღსანიშნავია იტალიურ ენაზე გამოქვეყნებული  გამოკვლევები: „პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ბედი“ (2018) და „ფერთა მეტყველება გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში“ (1981). მეცნიერი იკვლევს, აგრეთვე, ქართულ ავანგარდულ ხელოვნების, ძველი და XIX ს.-ის ქართული ლიტერატურის ცალკეულ საკითხებს. ამ პრობლემებს ეძღვნება მისი გამოკვლევები: „ყაჯრული ხელოვნების გავლენა ლადო გუდიაშვილის მხატვრობაში“, (1984, ფრ. ენ.); „პორტრეტი ნიკო ფიროსმანის მხატვრობაში“ (1990, რუ. ენ.), „შოთა რუსთაველის «ვეფხი»: ვეფხვი, ლეოპარდი თუ პანტერა?“ (2017, ინგ. ენ.), „მზერის პოეტიკა ი. ჭავჭავაძის პოემაში «განდეგილი»“ (1987, ქართ. ენ.), „რელიგიური ელემენტები ნ. ბარათაშვილის პოეზიაში“ (2000,იტ. ენ.), „ნ. ბარათაშვილის «მერანი»“ (2001, გერ. ენ.) და სხვ. მეცნიერისთვის უცხო არ არის ისტორიული თემატიკაც. მისი მონოგრაფია „საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1801)“ (უდინე, 2004) საგანგებოდ ითარგმნა ქართულ ენაზე (თბ.: მწიგნობარი, 2008). გაგა შურღაიასთან ერთად 2008 წელს ჟურნალში „სტუდიუმი“ იტალიურ ენაზე გამოაქვეყნა  გამოკვლევა „რუსეთი, საქართველო და კონფლიქტური რეგიონები: ისტორიული მიმოხილვა“. 1989 წლიდან იკვლევს გრიგოლ რობაქიძის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. 2021 წელს ჟურნალმა „სტუდიუმმა“ გამოაქვეყნა  მისი სტატია ქართველი მწერლის ერთი რომანის შესახებ, ხოლო ამჟამად ამზადებს მონოგრაფიას მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა ქართველოლოგიური სკოლის ცენტრმა ლუიჯი მაგაროტოს მარჯორი უორდროპის სახელობის პრემია მიანიჭა. ლუიჯი მაგაროტო დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, ხშირად მონაწილეობს ქართველოლოგიის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.