ენათმეცნიერი მარიამ ყამარაული, ჰამბურგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტები
მარიამ ყამარაული: „ჩემი სამეცნიერო გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკვე არსებობს ორი რესურსი ქართველოლოგიაში, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ქართველოლოგიის ინტერნაციონალიზაციის დაჩქარება ინტეგრირებული კვლევების გზით. კერძოდ:
ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაწყებულია და ვითარდება სამეცნიერო პროექტი „რუსთაველი ციფრულ ეპოქაში“, რომლის შედეგადაც შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების მრავალენოვანი პარალელური კორპუსი Rustaveli goes digital. კორპუსი დღეისათვის აერთიანებს პოემის 25 ენაზე შესრულებულ 38 თარგმანს და მოითხოვს კორპუსის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი თარგმანების (მსოფლიოს 58 ენაზე) სახით ქართველოლოგიას უნიკალური რესურსი გააჩნია მრავალენოვანი ტექსტების დიგიტალური დამუშავების ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების შესაქმნელად და შესამოწმებლად, დასატესტად (ენების რაოდენობით პოემა მხოლოდ ბიბლიის თარგმანებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციას ჩამორჩება). ერთი მხრივ, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების მრავალენოვანი პარალელური კორპუსის არსებობა გააფართოვებს პოემის, როგორც რესურსის გამოყენების ენობრივ არეალს და საინტერესოს გახდის მას გერმანისტიკის, რომანისტიკის, სლავისტიკის, თურქოლოგიის, იაპონოლოგიის, სინოლოგიისა და სხვ. დისციპლინებისათვის; მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს რუსთველოლოგიის, როგორც ეროვნული მეცნიერების, ინტერდისციპლინურ კვლევას და ინტერნაციონალიზაციას.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამეცნიერო მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითად მოვიაზრებთ ქართული პოლიტიკური მეტყველების მანქანური დამუშავების უზრუნველყოფის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით: ა) თანამედროვე ქართული პოლიტიკური მეტყველების კომპიუტერული ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რათა შევძლოთ ქართული პოლიტიკური მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური და ეთნოლინგვისტური თავისებურებების დადგენა და მისი გათვალისწინებით პოლიტიკური მეტყველების მანქანური თარგმანის ამოცანის სრულფასოვანი გადაჭრა და ბ) პროგრამული ინსტრუმენტის პოლიტიკური მეტყველების ბარომეტრის შექმნა პოლიტიკოსთა მეტყველების ავტომატური ანალიზის მიზნით (მანიპულაციის ენობრივი საშუალებების გამოყენების კვლევა, მეტაფორულობის ხარისხის გაზომვა და სენტიმენტანალიზი, პოლიტკორექტულობის ინდექსის დადგენა, პოლიტიკური მეტყველების გენდერული ანალიზი და სხვ.). ამ უკანასკნელის შექმნა განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური გამოსვლების სწრაფი და ეფექტური შეფასების თვალსაზრისით. დღეისათვის არსებობს პოლიტიკური მეტყველების ტექსტური კორპუსის როგორც ციფრული (ქართული ენის ეროვნული კორპუსის რესურსი), ისე ბეჭდური გამოცემები (ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსი, 4 ტომი), ასევე თეორიული ნაშრომები ლინგვოპოლიტოლოგიაში, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს პოლიტიკური მეტყველების მანქანურ დამუშავებას“.
მარიამ ყამარაული 2021 წლიდან არის ჰამბურგის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომელი (პოსტდოკი) საერთაშორისო პროექტში DELICATE (წიგნიერების განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე), სადაც მუშაობს ქართული ხელნაწერების გაშიფვრაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 2015 წლიდან ლექციებს კითხულობს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, 2020 წლიდან კი მიჰყავს ძირითადი და არჩევითი სალექციო კურსები: ენათმეცნიერების შესავალი, სინტაქსის საკითხები, პრაგმატიკა, ენობრივი ტიპოლოგიის საფუძვლები, ენათმეცნიერების სპეციალური პრობლემები, ტყუილი და ენობრივი მანიპულაცია. პედაგოგიური მოღვაწეობის ამ პერიოდში ოთხჯერ არის ნომინირებული ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ყოველწლიურ პრიზზე "შესანიშნავი სწავლება" (1822-Lehrpreis für Exzellente Lehre), როგორც საუკეთესო ლექტორი.
აქტიურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია „სახელური დომენები ქართულში“ და ნაშრომები „შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში“ (თანაავტორი), „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების სიხშირული ლექსიკონი (თანაავტორი); არის 18 სამეცნიერო სტატიისა და 23 საკონფერენციო მოხსენების ავტორი. აქტიურად მოღვაწეობს დიგიტალური ქართველოლოგიის სფეროში: ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტის „Rustaveli goes digital“ განვითარებას (ბეტა-ვერსია), არის ციფრული რესურსების GEABCO (https://geabco.com/) და MyRustaveli (https://myrustaveli.com/) პორტალის ტექნოლოგიური ჩარჩოს ავტორი.
ეწევა სარედაქციო მოღვაწეობას: არის დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს ორენოვანი რეფერირებადი ახალგაზრდული სამეცნიერო ონლაინჟურნალის „მილენიუმი“ (https://adh.ge/millennium-ge/) მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო სერიის „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსი“ ერთ-ერთი რედაქტორი.
მარიამ ყამარაული დაიბადა 1990 წელს თბილისში. 1999 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში. 2010 წელს დაამთავრა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 2010-15 წლებში გაიარა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამა კავკასიოლოგიის სპეციალობით. 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო სკოლის „ნომინალური მოდიფიკაცია“ სტიპენდია, რომელიც წარმატებით დაასრულა 2018 წელს. იმავე წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სახელური დომენები ქართულში - დიაქრონიული ანალიზი“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ი. გიპერტი) და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.