იაპონელი ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე
ჰაიატე სოტომემ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა შედარებითი ლიტერატურის განხრით; მოგვიანებით სწავლობდა დოქტორანტურის პროგრამაზე; დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე „ქართული თანამედროვე ლიტერატურა-ილია ჭავჭავაძე და ვაჟა - ფშაველა“ . მისი სამეცნიერო კვლევის, ინტერესის საგანი, ძირითადად, მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურაა, განსაკუთრებით, პოსტკოლონიური, ეკოკრიტიკული თვალსაზრისით.
ჰაიატე სოტომე ქართული ენის პირველ მასწავლებლად იაპონელ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას მიიჩნევს, რომელიც მას ქართული ენის გრამატიკას ასწავლიდა. მოგვიანებით, ენის უკეთესად შესასწავლად ჰაიატე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში სწავლობდა, რომლის ხელმძღვანელიც ელგუჯა ხინთიბიძეა.
არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის, „მგზავრის წერილების“ პაროდია და ირონია პოსტკოლონიური თვალსაზრისით“, „რომანტიკოსების გეოპოეტური სტრატეგიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“, „პოსტკოლონიური ზოოკრიტიციზმის პერსპექტივა მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“, „ყველასაც თურმე ენა აქვს“: ვაჟა ფშაველას პოემა „გველის მჭამელი“ Animal Studies-ის პერსპექტივიდან“ და სხვა. იაპონიაში გამოსცა წიგნი "პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში". ჰაიატე სოტომე ამჟამად ქართულ ენას ასწავლის კულტურის ცენტრ „ასაჰი-ში,“ ასევე ცუკუბას უნივერსიტეტში.