იაპონელი ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა
ჰიროტაკე მაედა - ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. არის ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე. პროფესორი მაედა ფლობს ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს. მეცნიერი იკვლევს საქართველო-ირანის ურთიერთობებს, უპირველესად კი ქართველების მოღვაწეობას ირანში XVI-XVII საუკუნეებში. არაერთხელ მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში (თბილისი, ტოკიო, ლონდონი, პარიზი, ვენა, ბამბერგი, ალიკანტე, ან- არბორი, ნიუ-ჰაივენი, სტენფორდი და სხვა). წაკითხული აქვს მოხსენებები საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ლექცია „ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში“. გამოიკვლია უცხო წყაროებში არსებული ინფორმაცია იმდროინდელ ქართველ მოღვაწეებზე, მათ შორის, გიორგი სააკაძის, ქეთევან დედოფლის ცხოვრების შესახებ. ჰიროტაკე მაედა არაერთი პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, აღსანიშნავია 2008 წელს ქართულად გამოცემული წიგნი „ქართველები სეფიანთა ირანში“. იგივე შინაარსის სტატია დაიბეჭდა იაპონურად ტოკიოში ჯერ 1999 წელს, პარიზში - ინგლისურად 2003 წელს, და წიგნად გამოიცა სპარსულად თეირანში 2018 წელს. ამ წიგნში მეცნიერმა გამოიკვლია ბარათაშვილი-ორბელიშვილების, უნდილაძეების, სააკაძეების და მირიმანიძეების (მელიქიშვილების) მოღვაწეობა.
გარდა ისტორიის კვლევისა, ჰიროტაკე მაედა იაპონურ ენაზე გამოქვეყნებული არაერთი სტატიის ავტორია, რომლის მიზანიც ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცაა. მან იაპონიის ისტორიაში პირველმა შექმნა ნაშრომი „ილია ჭავჭავაძე“ (2005 წელს). მისი სამეცნიერო სტატიებია „ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ქართული ლიტერატურის სამყარო“ (ტოკიო, 2008 წელს), „გალაკტიონ ტაბიძის მთვარის ნაამბობიდან: საქართველოს ეროვნული პოეტი და იაპონია“ (ოსაკა, 2010 წელი), „იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ისტორიიდან (ლადო გუდიაშვილის ალბომის იაპონური გამოცემის შესახებ)“ (თბილისი, 2019 წელს).
მეცნიერი პირველად საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. პროფესორი მაედა სამჯერ არის ნამყოფი ფერეიდანში, ასევე - ტაო-კლარჯეთში, ერთხელ კი - საინგილოში. 2018 წელს, ათონის მთაზე სამეცნიერო მივლინებისას, კარაკალას მონასტერში შემთხვევით აღმოაჩინა უნიკალური ხელნაწერი, აშოთან II მუხრანბატონის მიერ შეწირული; „ათონის მთაზე ახლადმიკვლეული აშოთან II ბაგრატიონის დაკვეთით გადაწერილი ბერძნული ოთხთავი“ (ჰიროტაკე მაედა და ოქროპირ ჯიქური, ვარშავა, 2018 წელი).