შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონსტანტინე ლერნერი - ქართველოლოგი, ენათმეცნიერი

 

კონსტანტინე ლერნერი - „რაც შეეხება ქართველოლოგიის ამოცანებს, უფრო აქტიური და ფართო უნდა იყოს ქართველოლოგიური სკოლის მოღვაწეობა, მეტად გააქტიურდეს მსმენელების  მოწვევა, რუსთაველის სამეცნიერო   ფონდის მონაწილეობითაც. საკუთარი  გამოცდილებიდან ვიცი, რომ ამ სკოლის ყველა მსმენელი სამუდამოდ  საქართველოს გულშემატკივრად  დარჩება.

ერის ისტორიის უმდიდრესი წყარო  ამავე ერის ენაა.  საკმარისია თუნდაც ერთი ნიმუში განვიხილოთ. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულია, შუამდინარეთი... სადღაც,  ტიგროსის ნაპირზე  დგას რქოსანი საქონლის ჯოგი, ძროხა და ასურელები მას  n a x i r u- ს ეძახიან... იქვე, ასურულ მითოლოგიაში არსებობს საქონლის ღვთაება, რომელსაც la-xar-u  ჰქვია.  დღეს, მტკვრის ნაპირას ან სადმე ალაზნის ველზე ჯოგი ძოვს და ჩვენ მას ნახირ- ს ვუწოდებთ. სადღაა ასურეთი, სად არის აქადური ენა... ოთხი ათასი წელი გავიდა და სიტყვა ისევ ცოცხალია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველურმა ტომმა ეს სიტყვა მიწაში ჩამარხულ თიხის ნატეხზე ამოიკითხა, ეს უშუალო კონტაქტის შედეგია. ქართულში ალბათ ბევრი სხვა, საკუთრივ ქართული სიტყვა მოგვეპოვება, რომელსაც არანაკლებად ხანგრძლივი ისტორია აქვს - მხოლოდ საბუთი არ  გვაქვს. მაგრამ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ქართველური ტომები უძველესი შუმერულ-აქადური ცივილიზაციის თანამედროვენი და თანამონაწილენიც იყვნენ... საოცარია, მაგრამ მე სხვებთან შედარებით უფრო ადვილად შემიძლია აღვნიშნო, რომ ქრისტიანულ სამყაროში ძნელად მოიძებნება (თუ საერთოდ მოიძებნება) ეთნოსი, რომელიც ძველი აღთქმის წიგნებში ორგზის იყოს ნახსენები- დიახ, ორჯერ გვხდება- დაბადების მე-10 თავში და 119-ე ფსალმუნში... ამ უძველესი ისტორიის შესწავლა და წარმოჩინება ქართველოლოგიის ერთ-ერთი ამოცანაა. კარგი ინგლისურით სათარგმნია (იქნებ ინგლისურენოვან კოლეგებთან თანასაქმიანობით) ქართული ისტორიოგრაფიის ყველა ნაწარმოები და ამათი პოპულარიზაციაც არის საჭირო, იქნებ საელჩოებში პრეზენტაციის სახით.                                                                                                         

   მე-18 საუკუნის ბოლოს,  საფრანგეთში,  დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად ფრანგული კოდიფიცირებული სალიტერატურო ენა დაქვეითების გზაზე აღმოჩნდა. ამ ენის დასაცავად და შესანარჩუნებლად საფრანგეთის აკადემია დაარსდა... ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საქართველოშიც ღრმა სოციალურ -ეკონომიკური და კულტურული ძვრები მოხდა, რამაც  ქართულ ენაზეც მოახდინა ძლიერი გავლენა, გავლენა, რომელიც ყოველთვის დადებითი არ არის. ხატოვნად რომ ვთქვათ, სადღაც სარდაფში გასაყიდად  გამოფენილ ორ ღერ ოხრახუშს არ უნდა ეწეროს Supermarket, ისიც ლათინური ასოებით, დ უ ქ ა ნ ი რომ დაეწეროს, აჯობებს. ეს მეტყველების კულტურის პრობლემაა, რომელსაც ლინგვისტების, რადიო-ტელევიზიისა და სახელმწიფოს მხრივ ყურადღება და ზრუნვა  სჭირდება...  ქვეყნის  მხოლოდ გასტრონომიით რეკლამა საკმარისი არ არის... საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი ლეგენდა ახლავს. ლინგვისტების, ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების თანამშრომლობით ეთნიკური ტურიზმის მარშრუტები და მათი აღწერილობა უნდა იყოს შემუშავებული.

 საქართველოში   ხომ ალავერდია - ლურჯი მთების  ფონზე ღრუბლებში გუმბათი დაცურავს  და არ იკარგება! ის, ვინც კავკასიონს გაუმკლავდა და არ დამარცხდა -  არა მხოლოდ ხუროთმოძღვარი,  არამედ  უსაზღვროდ გამბედავი და თავის ნიჭში დარწმუნებული იყო! აი,  ამ სულისკვეთების საქვეყნოდ წარმოჩინებაც ქართველოლოგიის კომპლექსური მეცნიერების ზეამოცანაა“.

 

 

 

 

 

 

.