შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველოლოგი მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი

 

მანანა თანდაშვილი: „ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგია, გარდა საგანმანათლებლო პროფილისა, კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური კვლევების მძლავრ ცენტრად იქცა. ინსტიტუტის მაშინდელი ხელმძღვანელის,  იოსტ გიპერტის აქტიური მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან. ქართველოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით ფრანკფურტის უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული საქართველოს 5 უნივერსიტეტთან (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომლის ფარგლებშიც  30-მდე ქართველი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მივლინებით  იმყოფებოდა ან სტაჟირება გაიარა  ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ჩვენ ერთობლივად  განვახორციელეთ 21 სამეცნიერო-კვლევითი და 19 საგანმანათლებლო პროექტი, რის  შედეგადაც შესაძლებელი გახდა როგორც ქართველოლოგიური რესურსების მასშტაბური გაციფრება, ისე კვლევის დიგიტალური მეთოდების განვითარება და დანერგვა ქართველოლოგიაში. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი უნიკალური დიგიტალური რესურსი ქართველოლოგიაში, როგორიცაა ქართული ენის ეროვნული კორპუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიაქრონიულ კორპუსს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით (შეიცავს 202 მილიონ სიტყვაფორმას).  ის ფაქტი, რომ ქართველოლოგია ღირსეულად შეხვდა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ გამოწვევებს, დიდწილად სწორედ  ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი  და საგანმანათლებო საქმიანობის შედეგია - სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველოლოგიის დეპარტამენტში ჩაეყარა საფუძველი ეროვნული მეცნიერების განვითარების თვისობრივად ახალ  ეტაპს - დიგიტალურ ქართველოლოგიას და დიგიტალურ რუსთველოლოგიას; ბათუმის საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია“, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 წლის წინ დავაარსე ჩემ ქართველ კოლეგებთან ერთად და რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება საქართველოში, ქართველოლოგიის ახალგაზრდა თაობის სამჭედლოდ  და საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის გავრცელების კერად იქცა.

გერმანიაში ჩემი მოღვაწეობის 20 წელი უაღრესად ინტენსიური და საინტერესო იყო, რომელმაც პროფესიული ზრდა, წარმატებები და უდიდესი პიროვნული ბედნიერება მომანიჭა.  თუმცა ამ დრომ ძალიან სწრაფად გაიარა და საპენსიო ასაკის მოახლოებიდან გამომდინარე, უახლოეს ხანებში მომიწევს გერმანიაში ჩემი აკადემიური  მოღვაწეობის დასრულება. შესაბამისად,  ფრანკფურტის უნივერსიტეტში ორი ათწლეულის განმავლობაში რუდუნებით შექმნილ ქართველოლოგიის კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრს, ისევე როგორც  გერმანიის უნივერსიტეტებში არსებულ სხვა  „მცირე დარგებს“, გაქრობის საფრთხე ემუქრება. ამიტომ დროულია და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს გააქტიურება უცხოეთში ქართველოლოგიური კვლევების გაძლიერების თვალსაზრისით.

გერმანიაში ჩემი მოღვაწეობის როგორც აკადემიური, ისე ლიტერატურული საქმიანობიდან გამომდინარე (10 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ფრანკფურტის ქართული ლიტერატურის სალონს და 138 ლიტერატურული საღამო მაქვს ჩატარებული), მიმაჩნია, რომ ქართველოლოგია კომპლექსურად უნდა იქნას წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს გარეთ: უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ინსტიტუციურად, აკადემიურ  დონეზე  (ქართველოლოგიის სწავლება ევროპულ და არა მარტო ევროპულ უნივერსიტეტებში), მეორე მხრივ, საჭიროა  ქართული ენისა და კულტურის ფართომასშტაბიანი პოპულარიზაცია. ამ  მიზნით  უცხოეთში უნდა დაარსდეს ქართული ენისა და კულტურის ცენტრები. თუ გერმანიისა და ესპანეთის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, გოეთეს ინსტიტუტისა და სერვანტესის ინსტიტუტის ანალოგიურად, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არსებობს და ემსახურება აღნიშნული ქვეყნების სახელმწიფო ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, საქართველოს შემთხვევაში ასეთი შეიძლება იყოს რუსთაველის ინსტიტუტი, რომელმაც უნდა აწარმოოს ფართომასშტაბიანი სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით.  

მანანა თანდაშვილი- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტის ხელმძღვანელი; ფრანკფურტის ქართული ლიტერატურის სალონის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში.
1999 წელს გახდა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი ენათმეცნიერების დარგში -ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ კავკასიოლოგებთან, ვოლფგანგ შულცესა და იოსტ გიპერტთან ერთად უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნასა და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე.
ბათუმის შოთა რუსთაველის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დააარსა ბათუმის საზაფხულო სკოლა ციფრულ ჰუმანიტარიაში. აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო ფონდებთან - ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, ფოლკსვაგენის ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. არის თბილისის საპატიო მოქალაქე.