შტეფი ხოტივარი-იუნგერი – ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, ლიტერატურათმცოდნე
შტეფი ხოტივარი-იუნგერის მემკვიდრეობა მოიცავს წიგნებს, თარგმანებსა და სხვა პუბლიკაციებს, რომლებიც მუდამ აწვდიდა გერმანელ მკითხველს უამრავ ორიგინალურ აზრს, ახალ, აქამდე უცნობ ფაქტებსა და დაკვირვებებს ქართული მწერლობის თაობაზე გერმანულ ლიტერატურასთან მიმართებაში. იგი მუდამ გასაგები ენით, რთული ტერმინოლოგიისა და მეცნიერული გარსის გამოუყენებლად მიმართავდა მკითხველს და ცდილობდა, ისტორიის სხვადასხვა ეტაპის გამოცდილებიდან გამომდინარე, გაემდიდრებინა ამ უკანასკნელის ცოდნა საქართველოსა და კავკასიაზე, გაეშუქებინა ახალი, აქამდე უცნობი ფაქტები; ამასთან, მეცნიერი მხოლოდ ეთნოგრაფიული დაკვირვებებითა და მოსაზრებებით როდი იფარგლებოდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ შტეფი ხოტივარი-იუნგერის უმთავრეს ნაშრომთა შორის უნდა აღინიშნოს:
- მისი მეცნიერული ძიებანი საკანდიდატო და სადოქტორი დისერტაციებში და ცალკე სამეცნიერო ნაშრომებად გამოქვეყნებული „კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში“, „ქართული ისტორიული რომანი“, წიგნი ბერლინელ ქართველთა შესახებ და გამოკვლევები გრიგოლ რობაქიძეზე, ნოდარ დუმბაძესა და ოთარ ჭილაძეზე;
- იგი ამზადებდა სარეკომენდაციო მასალებს გერმანული გამომცემლობებისთვის – Volk & Welt, Rütten & Loening, Aufbau, Pop, Anthea, Shaker, Buske... და თარგმნიდა (ხშირად თავის მეუღლესთან, გერმანისტ არჩილ ხოტივართან ერთად) ალექსანდრე ყაზბეგის, ეკატერინე გაბაშვილის, ჭოლა ლომთათიძის, ნიკო ლომოურის, მიხეილ ჯავახიშვილის, ესმა ონიანის და დათო ბარბაქაძის წიგნებს, აგრეთვე მოთხრობების კრებულებს და ქართველი ქალების მიერ 11 საუკუნის განმავლობაში შექმნილ ნაწარმოებებს;
- მან სისტემაში მოიყვანა ქართული ლიტერატურის 1887-2017 წწ. გამოქვეყნებული გერმანული თარგმანები – ვისბადენი, 2017 წ. ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა სფეროში მან (ფრანკფურტის წიგნის 2018 წ. ბაზრობისათვის), მოამზადა ბიბლიოგრაფია, ქართულიდან გერმანულად თარგმნილ ნაწარმოებთა სია, რომელიც მოიცავს თარგმანებს პერიოდულ გამოცემებსა და სხვადასხვა კრებულებში.
- იგი 1992-1995 წლებში რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემას „საქართველოდან და საქართველოზე“, იქამდე კი ლექციების კურსს კითხულობდა რუსულ ლიტერატურაში, ლიტერატურისმცოდნეობის შესავალსა და მრავალეროვნული საბჭოთა მწერლობის ისტორიაში.
მას პირადი შემოქმედებითი კონტაქტები ჰქონდა ისეთ ქართველ ავტორებთან, როგორებიც იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ანა მხეიძე, იზა ორჯონიკიძე, გივი მარგველაშვილი, აგრეთვე, მაკა ჯოხაძე, დათო ბარბაქაძე.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ე.წ. „პატარა“ საგანს ეხებოდა, წარმატებით სარგებლობდა მისი სასწავლო კურსი ქართველოლოგიაში, მას მრავალი მსმენელი ჰყავდა. იგი ყოველწლიურად 4 ჯგუფს ადგენდა. ამათგან, ორს - ენისას, ესენი იყვნენ დამწყებნი და სახელმძღვანელოს მიხედვით, ენის გარკვეული დონით მცოდნენი, ხოლო დანარჩენი ორი კი – ნებაყოფლობითი ან სპეცსემინარი, მაგალითად, ქართულ ზმნაში, თარგმანში ან თვით სტუდენტების მიერ შერჩეულ თემაში; ინიშნებოდა სპეციალური თემატური სემინარებიც: რუსთაველი, გამსახურდია, დუმბაძე, ჭილაძე და სხვ. სემინარის მონაწილეთა შორის ხშირად იყვნენ ქართველი ავტორები: მარგველაშვილი, ბუღაძე, მორჩილაძე, ბარბაქაძე.
2003-2014 წლებში შტეფი ხოტივარი-იუნგერმა ჰუმბოლდტისა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში ქართული ენის რამდენიმე ინტენსიური კურსი გამართა. სულ 1990 წლიდან აღნიშნულ სემინარებში სხვადასხვა ასაკის 400-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ უწინარესად გერმანელები, აგრეთვე, მონაწილენი უნგრეთიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, კორეიდან... ზოგმა მათგანმა რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ან სამ სემინარში მიიღო მონაწილეობა. ქართული ენის შემსწავლელთა ყველაზე დიდ ჯგუფებს შეადგენდნენ ინდოგერმანისტიკის, კულტუროლოგიის, არქეოლოგიის, პოლიტოლოგიის, ხელოვნების, იურისპრუდენციისა და სლავისტიკის სტუდენტები, მათ გარდა იყვნენ ბიბლიოთეკათმცოდნეებიც, მოხელეებიც, სახელმწიფო მოსამსახურეებიც და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები. ამ კურსების მესამე ჯგუფს შეადგენდნენ თავისუფალი მსმენელები.
ქალბატონ შტეფი ხოტივარი-იუნგერის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს მისი მრავალრიცხოვანი მოხსენებები სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე და აგრეთვე 70-გზის მონაწილეობა სხვადასხვა დაწესებულებებში გამართულ ფორუმებზე, მსოფლიოს მასშტაბით.
მეტი ინფორმაცია იხილეთ:
de.wikipedia.org/wiki/Steffi_Chotiwari-Jünger
www.kaukasische-literaturen.jimdofree.com