2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 528 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შესაფასებლად გაიგზავნა 493 პროექტი. შეფასების ეტაპზე, შინაარსობრივი მსგავსების გამოვლენის გამო კონკურსიდან მოიხსნა 2 პროექტი. კონკურსში მონაწილე 491 პროექტი შეფასდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:
- თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
- პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
- თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხების გათვალისწინებით.
ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 24 ივნისის N99 ბრძანების „2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 17 თებერვლის N13 ბრძანება “2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ”
ცვლილება 17 თებერვლის N 13 ბრძანებაში
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!