“ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის”
2025 წლის 1 ივნისიდან სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საერთაშორისო საგრანტო პროექტს - FORGE-AI- “ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community”.
სამ წლიან პროექტში ფონდთან ერთად ჩართულია 13 საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან.
FORGE-AI მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების სისტემის გაუმჯობესებაში და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ახალგაზრდა მკვლევარების კარიერის გასაძლიერებლად. პროექტი აქცენტირდება სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევასა და ინოვაციებს. FORGE-AI პროექტი განხორციელდება სამ ფაზად:
1. ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანი ახალგაზრდა მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების მენეჯერების შესაძლებლობათა გაძლიერება;
2. კროსსექტორული, გრძელვადიანი აკადემიური მივლინების პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
3. ეროვნული ინოვაციების მხარდაჭერის სისტემის მოდერნიზება, გაუმჯობესება და მხარდაჭერის ახალი მექანიზმების განვითარება.
FORGE-AI პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ხელოვნური ინტელექტის სფეროთი დაინტერესებული მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინოვატორების იდენტიფიცირება, ტრეინინგ პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა, ონლაინ და პირისპირ ფორმატის სწავლებისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა, ინოვატორთა და კვლევის მენეჯერთა მობილიზება და მათი უნარების გაძლიერება. ამავდროულად, პროექტის კონსორციუმის ჩართულობით შემუშავდება კროსსექტორული, გრძელვადიანი აკადემიური მივლინების პროგრამა (cross-sector and cross-border secondment programme), რომელიც საშუალებას მისცემს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პირებს, ევროპის წამყვანს კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებში მიიღონ ახალი ცოდნა, ღირებული გამოცდილება, გაეცნონ კვლევისა და ინოვაციების უახლეს მიგნებებს და გააფართოვონ თავიანთი აკადემიური და პროფესიული ქსელები. FORGE-AI პროექტი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ინოვაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ახალი მხარდამჭერი სქემების შემუშავებასა და არსებული სისტემის ანალიზში.
ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგები შეეხება ახალგაზრდა მეცნიერთა, კვლევის მენეჯერთა, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა ინოვაციური და ციფრული უნარების გაძლიერებას, ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ მოდულებს, ტექნოლოგიების ტრანსფერს, ევროკავშირის AI აქტს და ევროპის საუკეთესო პრაქტიკას. ცოდნის გაზიარების ღონისძიებები, ვორქშოპები და ტრეინინგები ჩატარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე - პირისპირ. ამასთან, პროექტის ფარგლებში შემუშავდება რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტი და მიმოხილვა, რომელიც შეისწავლის კვლევისა და ინოვაციების (ასევე სტარტაპ) ეკოსისტემის არსებულ მდგომარეობას და წარმოადგენს მისი გაუმჯობესების რეკომენდაციებს.