საერთაშორისო ონლაინ ტრენინგი “სამეცნიერო კომუნიკაციის აქტივობების მომზადება”
19-20 ნოემბერს, ევროპული პროექტების სინერგიის მიზნით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში დისტანციურად ჩატარდა ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მარის კლოდოვსკა-კიურის პროგრამის “ევროპელ მკვლევართა ღამის” პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით.
შეხვედრაზე დამსწრეებს მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია. დისტანციურ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები დოქტორი გილბერტ აჰამერი -ავსტრია, მუზა კირიუსინა - ლატვია. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ, როგორც მოდერატორები. ტრენინგში მონაწილეობდნენ DAAD-სა და ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მეცნიერები.
19 ნოემბრის ღონისძიებაზე განხილული იყო თემატიკა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის, საკომუნიკაციო მესიჯები, საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა, პრეზენტაციის მომზადება და სხვა.
მეცნიერების კომუნიკაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ერთ-ერთი მიზანია.