შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.

 

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. პროგრამა შედგება ხუთი სასწავლო მოდულისგან: 1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი - ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება; 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია - ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მოდულები ითვალისწინებს 30 ლექციას, პრაქტიკულ კურსს „შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში“, ორ ვორქშოფს - ქაღალდის შექმნისა და რესტავრაციის ვორქშოფი; ინტერაქტიულ პროგრამა - სიმულაციურ თამაშს „როგორ ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას?“, თემატურ პანელურ დისკუსიას „საბუნებისმეტყველო ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნწერებში“ და გამოფენას „ქართული ხელნაწერი“; სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევების შედეგების პრეზენტაციები.

 

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2024 წლის 17-26 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები.

 

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

 

პატივისცემით,

 

საზაფხულო სკოლის გუნდი E-mail: summerschool@manuscript.ge www.summerschool.manuscript.ge

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მ. ალექსიძის 1/3

0193, თბილისი, საქართველო www.manuscript.ge info@manuscript.ge

 

 

საკონტაქტო პირი:

დოქტ. ირინა გოგონაია

პროექტის კოორდინატორი

 

სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი

ტელ.: 577 79 54 54 E-mail: irinagogonaia@manuscript.ge