შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მონოგრაფიის „ტაო-კლარჯეთიდან ათონამდე, ჰაგიოგრაფიული კრებული“ პრეზენტაცია

 

25 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  ახალგაზრდა მეცნიერთა  სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიის „ტაო-კლარჯეთიდან ათონამდე, ჰაგიოგრაფიული კრებული“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერ-  თანამშრომელი, ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი  ხათუნა გაფრინდაშვილი.  

ნაშრომი წარმოადგენს ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ჰაგიოგრაფიული კრებულის (Ivir. georg. 8) დიპლომატურ გამოცემას. ხელნაწერი გადაწერილია ტაო-კლარჯეთში და პალეოგრაფიული მონაცემებით X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. კრებული შეიცავს 64 თხზულებას, მასში შესულია როგორც ორიგინალური ძეგლები, ისე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენიდან (ბერძნული, არაბული, სომხური) ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. ამასთანავე, Ivir. georg. 8 ერთადერთი ხელნაწერი  ძეგლია, რომელმაც შემოგვინახა სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებულ მოწამეთა „ცხოვრება-წამებანის“ ქართული თარგმანები. მასალის ამგვარ მრავალფეროვნებას ტაოს მულტიკულტურული შემოქმედებითი გარემო განაპირობებდა.

მონოგრაფიაში განხილულია ხელნაწერის სტრუქტურული თავისებურებანი, ნაჩვენებია წმინდანთა ხსენებების ტრადიცია X საუკუნის ხელნაწერის მაგალითზე და წარმოდგენილია ის ისტორიული და კულტურული რეალიები, რომელშიც ათონური ჰაგიოგრაფიული კრებული შეიქმნა. ნაშრომი წარმოადგენს Ivir. georg. 8 ჰაგიოგრაფიულ კრებულში დაცული ძეგლების აკადემიურ გამოცემას სამეცნიერო აპარატითა და ლექსიკონით, თხზულებათა შემცველ სხვა ხელნაწერთა ნუსხებისა და არსებული გამოცემების მითითებით.

გამოცემის,  პროექტის გამორჩეულ  სამეცნიერო ღირებულებასა და სიახლეზე, მის მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრეს წიგნის რედაქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა   დოქტორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა  მეცნიერ-თანამშრომელმა  დალი ჩიტუნაშვილმა, რეცენზენტმა,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა  მეცნიერ-თანამშრომელმა მაია მაჭავარიანმა, ისტორიის მეცნიერებათა  დოქტორმა ნინო აფციაურმა   და სხვებმა.