ნაშრომის „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა" პრეზენტაცია
11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო ნაშრომის "კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა" პრეზენტაცია, რომლის გამოცემაც განხორციელდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ნაშრომის ავტორები არიან: სტუ-ს პროფესორები ნანი არაბული, ზაზა ცირამუა, ვლადიმერ ადამია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელი აკაკი შეყელაძე.
სამეცნიერო ნაშრომი მოიცავს თემების ფართო სპექტრს, მათ შორის, საფრთხეების ანალიზს, რისკების მენეჯმენტს, დაშიფვრის ტექნიკას, ქსელის უსაფრთხოებას, ეთიკურ ჰაკერობას და ინციდენტზე რეაგირებას. თითოეული თავი საგულდაგულოდ არის გამოკვლეული, რაც უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების როგორც ფუნდამენტური, ისე მოწინავე კონცეფციების შესახებ ინფორმაციის სიღრმისეულ მიწოდებას დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ამ ყოვლისმომცველი თემების გაშუქება იქნება ღირებული რესურსი სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ თავიანთი კიბერუსაფრთხოების ცოდნა და უნარები. საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართულენოვანი მასალები თითქმის არ მოიძებნება, წარდგენილი ნაშრომი კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.