ნაშრომის „საზღვრისპირა მოსახლეობა ძველად და ახლა (კახეთი)“ პრეზენტაცია
22 დეკემბერს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზღვრისპირა მოსახლეობის ეთნო-კულტურული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოურ პერიოდში (კახეთი)“ (BRG-I-21-954) ჯგუფის (პროექტის ხელმძღვანელი ვალერიან ვაშაკიძე) მიერ მომზადებული კოლექტიური ნაშრომის: „საზღვრისპირა მოსახლეობა ძველად და ახლა (კახეთი)“ პრეზენტაცია (ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები).
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა და საზოგადოებას გააცნო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა (კახეთის) რეგიონის მოსახლეობის ეთნო-კულტურული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოურ პერიოდში; გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ცვლილებებმა მათ ეთნიკურ თვითშეგნებასა და მოქალაქეობრივ იდენტობაზე, საზღვრისმიღმა კონტაქტების მიზნებსა და ინტენსივობაზე, სოციალურ-კულტურულსა და სამეურნეო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე; როგორია საზღვრისპირა მოსახლეობის ეთნიკური და პოლიტიკური საზღვრების აღქმის თავისებურებანი, ისტორიული ნარატივების, ეთნოგრაფიული გარემოს, ტრადიციული და თანამედროვე მედიის გავლენა ამ პროცესებზე და სხვა.