"მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია
28 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის - "მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია.
"მონაცემთა ანალიზი” გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის მხარდაჭერით.
ავტორი გახლავთ აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მაჭარაშვილი, ხოლო პროექტის კოორდინატორი - აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ზაზა მეტრეველი.
წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში სტუდენტებისთვის და იმ მეცნიერთა წრისათვის, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის სფეროში.
"მონაცემთა ანალიზი” - მოიცავს შემდეგ თემებს:
- ალბათობის განსაზღვრება, განაწილების ფუნქციების მახასიათებლები, შემთხვევითი ცვლადების გარდაქმნა, დისკრეტული და უწყვეტი განაწილების მაგალითები
- სტატისტიკური ანალიზის მეთოდები, ჰიპოთეზის ტესტები და პარამეტრების შეფასების მეთოდები, ჰისტოგრამის ანალიზის მეთოდები, ბუთსტრაპ მეთოდი და სხვა, ნაკლებად გავრცელებული მეთოდები
- ცდომილებების ანალიზი, ცდომილებების შეფასების არასტანდარტული მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სისტემატური ცდომილებების შეფასების მეთოდებს, ფიზიკური ექსპერიმენტების, დანადგარების, გაზომვების განუზღვრელობების და მათი წყაროების მიმოხილვას
- დროითი მწკრივების ანალიზი, სტაციონარული და არასტაციონარული დროითი მწკრივების მოდელები, მათი სპექტრალური, ორთოგონალური, ვეივლეტ წარმოდგენები და წრფივი ფილტრაციის მეთოდი სტაციონარული მწკრივებისთვის
- მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები: პრინციპულ კომპონენტთა ანალიზი, ფაქტორების ანალიზი, ნეირონული ქსელები, გადაწყვეტილებების განშტოება, ბირთვის მეთოდი, გენეტიკური ალგორითმი, კალმანის ფილტრი, მულტივარიაციული დროითი მწკრივების ანალიზი, ბრმა ანალიზი
- მონტე კარლოს მეთოდი, მოდელის კონცეფცია და დეტერმინისტული და ფიზიკური პროცესების სიმულაცია, მარკოვის ჯაჭვი, შემთხვევითი რიცხვების გენერატორების ალგორითმები და რიცხვითი ინტეგრების მეთოდები.