დიმიტრი თუმანიშვილის წერილების კრებულის პრეზენტაცია
20 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა დიმიტრი თუმანიშვილის წერილების კრებულის პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით (SP-23-1326). რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „დიმიტრი თუმანიშვილი (კრებული)“ მიზანი გახლდათ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შუა საუკუნებისა და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცნობილი მკვლევრის, დიმიტრი თუმანიშვილის (1950- 2019) სტატიათა კრებულის გამოცემა.
კრებული აერთიანებს დიმიტრი თუმანიშვილის უმნიშვნელოვანეს კვლევებს, რომელთაგან თითოეული ძალზე მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა. კრებულში თავმოყრილი სტატიები თემატური მრავალფეროვნებით ხასიათდება და მოიცავს შუა საუკუნეების, ახალი დროისა და თანამედროვე ქართული არქიტექტურისა და სახვით ხელოვნების კვლევებს, კულტურულ მემკვიდრეობის თეორიასა და პრაქტიკას, ხელოვნების საისტორიო მეცნიერებასა და აქსიოლოგიას.
პროექტის ხელმძღვანელია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დავით ხოშტარია, პროექტის კოორდინატორი - ხელოვნების ისტორიკოსი ნოდარ არონიშიძე.