ეკომუსიკის კონცერტი და ხმოვანი ოაზისი “ჰოროფონის” პრეზენტაცია
15 მარტს პარკ ჰოტელ წინანდალში, ეკომუსიკის კონცერტი და ხმოვანი ოაზისი “ჰოროფონის” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება წარმოადგენდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების მკვლევარ-კომპოზიტორთა ეკა ჭაბაშვილის, მაკა (მაია) ვირსალაძის, ალექსანდრე ჭოხონელიძისა და ჯონი ასიტაშვილის მიერ 2023-2026 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული ფუნდამენტური კვლევის "ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა ქართული მუსიკის ეკოსისტემის შესწავლისთვის" [FR-22-8174] და მის ფარგლებში განხორციელებული მხატვრული კვლევის „ხმოვანი ოაზისებისთვის ეკო-მუსიკის ნიმუშების შექმნისა და შესრულების სპეციფიკა” შედეგად შექმნილი ეკომუსიკის ნიმუშების კონცერტს და ხელოვნურ ხმოვან ოაზისში განთავსებული მჟღერი ინსტალაციის SoundLandArt “ჰოროფონის” პრეზენტაციას.
კონცერტზე გაჟღერდა ინსპირაციული, სიმულაციური და ვირტუალური ეკომუსიკის ნიმუშები, სახელდობრ, ნინო და თამარ ჟვანიების მიერ შესრულდა: კლოდ დებიუსის, ნოდარ მამისაშვილის, ეკა ჭაბაშვილის, მაკა ვირსალაძის ეკო-მუსიკალური ნაწარმოებები, ასევე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჭოხონელიძის, ჯონი ასიტაშვილის, რეზო კიკნაძის ეკო-მუსიკის ნიმუშები.
წვიმიანი ამინდის გამო პრეზენტაციის გარე სივრცეში დაგეგმილმა ნაწილმა სახეცვლილად ჩაიარა: ჰოროფონის პრეზენტაციისას ეკა ჭაბაშვილის, მაია (მაკა) ვირსალაძის, რეზო კიკნაძის, ასევე პრეზენტაციის დამსწრეთა ჩართულობით აჟღერდა ჰოროფონი. შიდა სივრცეში დარჩენილი მსმენელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალ-ყურს ხმოვანი ინსტალაციის ჟღერადობას, რასაც უერთდებოდა უწყვეტი წვიმის ბუნებრივი ხმაც.