ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგრანტო კონკურსის - მობილობა და საერთშორისო სამეცნიერო ღონისძიებები, გამარჯვებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციაში "ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში" თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მედიკოსები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ტრანსლაციურ ბიომედიცინაში მიღწეულ თანამედროვე მიგნებებსა და საერთაშორისო ტენდენციებზე, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებს დასახავენ.
კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ქეთევან გაბიტაშვილმა თავის მიმართვაში მოკლედ ისაუბრა იმ დიდ როლზე, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩვენს ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადებას, სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას უწყობს ხელს. ქეთევან გაბიტაშვილის თქმით, წლებია ფონდი რამდენიმე ათეულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსს, მიზნობრივ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დასასრულს, მან კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა და წარმატებები უსურვა.