გაიმართა პროექტის - „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ - სემინარი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჯიღაურას ბაზაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ შეჯამება გაიმართა.
პროექტი განხორციელდა ქართველი და ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით. კვლევის მიზანს საქართველოს ტყის ეკოსისტემებში გავრცელებული იშვიათი და რელიქტური ხე მცენარეების კვლევა და მათ შესახებ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო 18 იშვიათი და რელიქტური სახეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში გავრცელებულ უნიკარულ რელიქტურ სახეობებს — კოლხურ მუხას (Quercus hartwissiana), პონტოს მუხას (Quercus pontica), ძელქვას (Zelkova carpinifolia), ლაფანს (Pterocarya pterocarpa) და სხვ. მუხის სახეობებზე ჩატარადა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტში ჩართული იყო დოქტორი ბერტჰოლდ ჰეინზე (Dr. Berthold Heinze) — ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის გენომის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საქართველოს ტყის იშვიათი მუხების კვლევა მნიშვნელოვნად შეავსებს ევროპული მუხების სისტემატიკასა და გენეტიკურ მონაცემთა ბაზას.
„ჩვენი ტყეები მდიდარია იშვიათი, რელიქტური სახეობებით, რომელთა ლოკაციები მცირეა და ინფორმაცია ხშირად მწირი. სწორედ ასეთი სახეობების ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და შევქმენით მონაცემთა ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, შედგენილია ამ სახეობების გავრცელების ამსახველი რუკები. მიღებული შედეგები განთავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე“, -განაცხადა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ნანი გოგინაშვილმა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, იდენტიფიცირებული იქნა შესასწავლი სახეობების სათესლე უბნები, აღებულ იქნა თესლის ნიმუშები და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შენახულ იქნა თესლთა ბანკში, რაც უზრუნველყოფს იშვიათი სახეობების გენეტიკური რესურსების დაცვას და მომავალში მათი აღდგენის შესაძლებლობას.
პროექტი აძლიერებს საქართველოს მონაწილეობას ტყის გენეტიკური რესურსების გლობალურ კონსერვაციაში. პროექტის დასრულებისას მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე — Global Forest Watch (https://www.globalforestwatch.org/ ).