ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ გაიხსნა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ანა მღებრიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
საერთაშორისო სკოლის შინაარსსა და მიზნებზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერმა თეა ქართველიშვილმა და პროექტის კოორდინატორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გოგონაიამ.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.
საგაზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე; 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი; 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.
პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.