კონფერენცია „ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში”.
1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მასში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ მკვლევრები პოლონეთიდან, ფინეთიდან, ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.
კონფერენცია „ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში” სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანაორგანიზებით, მიეროშევსკის ცენტრისა (პოლონეთი) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით შედგა.
პროექტის „ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში (ეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს)“ უმთავრესი მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კავკასიაში ეროვნული და დემოკრატიული იდეების ფორმირებისათვის თვალის გადევნება; ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის დინამიკის ჩვენება საბჭოური ისტორიის განმავლობაში (1920-1991); ეროვნულ-გამათავისუფლებელ/ანტისაბჭოთა მოძრაობების უმთავრესი მახასიათებლების გამოყოფა და ურთიერთკავშირის გაანალიზება. ასევე, კონფერენციის მიზანია კავკასიის ხალხთა ეროვნული და ანტისაბჭოთა მოძრაობის ევროპულ კონტექსტში გააზრება, რაც გასაგებს გახდის მის როლს კომუნისტური ტოტალიტარიზმის ნგრევაში.