შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა“ პრეზენტაცია გაიმართა

 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროექტი წარადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა: პროექტის ხელმძღვანელმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ლელა შათირიშვილმა  და ამავე განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა, პროექტის კოორდინატორმა, ნესტან ჩხიკვაძემ. ელექტრონულ ბაზაზა კი ისაუბრა წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა მანუჩარ გუნცაძემ.

პროექტი გულისხმობს საქართველოს სიძველეთსაცავებში, კერძოდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო არქივსა და ქუთაისის ნიკო ბერძენშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის ფონდებში XII-XIX საუკუნეებში შესრულებული გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინურ, ანუ  კოდიკოლოგიისა და ხელნაწერის რესტავრაციის დარგებში შესრულებულ კვლევას. 

პროექტი ,,გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა  ლიტერატურულ გრაგნილებს განიხილავს, როგორც გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის სოციალური და რელიგიური ურთიერთობების მნიშვნელოვან წყაროს.

ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა შესასწავლი გრაგნილების საეკლესიო და საერო მიმართულებები. საეკლესიო დანიშნულების გრაგნილებზე ძირითადად გადაწერილია იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიებისა და ზიარების ლოცვების განსხვავებული რედაქციები სხვადასხვა პერიოდში, XVII-XVIII სს.-ში ლიტურგიკაში ჩნდება გრაგნილზე შესრულებული ,,მირონის შემზადების ტექსტები“. საერო დანიშნულების გრაგნილები ასახავენ ხელნაწერი წიგნის სოციალიზაციის, ფართო სოციუმის წერილობითი ძეგლებით დაინტერესების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ეს გრაგნილები შეიცავენ ოჯახურ გენეალოგიებსა და ბოროტი ძალებისგან დამცავ ტექსტებს, ე.წ. ავგაროზებს.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო, ხელი შეეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვის პროცესისათვის, ამ მიზნით  გამოიცა კატალოგი, ასევე გრაგნილი ხელნაწერების მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა მონაცემთა ბაზა.

მონაცემთა ბაზის მისამართი: manuscript-scroll.manuscript.ge