შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მონოგრაფიის - „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ წარდგინება გაიმართა

24 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორების მიერ გამოცემული მონოგრაფიის - „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ წარდგინება გაიმართა.

ახალგამოცემული მონოგრაფია და მისი დღევანდელი წარდგინება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა SANGU-ს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა ტაბიძემ, მან წიგნი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ავტორთა კოლექტივს მიულოცა ახალი ნაშრომის გამოცემა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

წიგნის გამოცემის და მასში წარმოდგენილი თემების შესახებ ისაუბრეს, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ია ვაშაკიძემ და წიგნის თანაავტორმა და კოორდინატორმა მიხეილ ლაბაძემ. მათ წიგნის გამოცემის პროცესში გაწეული დახმარებისთვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერებს მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ წმ. თამარ მეფის სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმიდა ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტების პროფესორი ნაილა მიქელაძე.

დასასრულს გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ექსპედიციის ამსახველი ფილმის ჩვენება. ფილმის რეჟისორია ნინო გელოვანი.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა "სიმებიანი კვარტეტი".

 მონოგრაფია წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულ შემაჯამებელ ნაშრომს, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ბაზაზე შესრულდა. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში (შუა შავიზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში) მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა (1878-1882 წლებში, საქართველოს ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი კუთხეებიდან ოსმალეთში გადახვეწილ მუსლიმან ქართველთა) შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა; დადგენილია მისი მთავარი კანონზომიერებები.

მონოგრაფიის ავტორები არიან: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე (1960-2021) – SANGU-ს პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე - ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორები მიხეილ ლაბაძე, სოფიო კეკუა, კესო გეჯუა და თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოლოგიის დოქტორი ფევზი ჩელები (SANGU-ს კურსდამთავრებული) და ფილოლოგიის დოქტორი მაკა სალია.

მონოგრაფია დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“. ყველა დაინტერესებულ პირს მისი ელექტრონული ვერსიის გაცნობა შეეძლება SANGU-ს ქართველოლოგიის ცენტრისა და ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის ვებ-გვერდებზე.