„ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“ - თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა
„ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“ - თემაზე საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ წაიკითხა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001) ფარგლებში ჩატარდა.
ლექციას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. საჯარო ლექცია ეხებოდა ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ეფთვიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის - მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში; მომხსენებლის მიერ ბარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული, ვინაობის დადგენას.