ქართული ხელნაწერი წიგნის მომხატველ ოსტატთა შემოქმედება (X-XIXსს.)
11 მარტს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში მოპოვებული გრანტის (FR-19-9031) ფარგლებში დაბეჭდილი ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მონოგრაფიის „ქართული ხელნაწერი წიგნის მომხატველ ოსტატთა შემოქმედება (X-XIXსს.)" პრეზენტაცია ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
პროექტის მონაწილეებმა (ელენე მაჭავარიანი, ქეთევან ტატიშვილი (ხელმძღვანელი), ია გაჩეჩილაძე, ახალგაზრდა მეცნიერი ნათია ხიზანიშვილი) კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული მოხატული ხელნაწერები შეისწავლეს. რიგ შემთხვევაში, ხელნაწერების ანდერძ-მინაწერები გვაძლევს ინფორმაციას მხატვრის შესახებ, თუმცა, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ცოტაა, ვინაიდან კოლოფონები, ძირითადად, ხელნაწერების დამკვეთების (მომგებლების) შესახებ მოგვითხრობენ. მხატვრული და პალეოგრაფიული თავისებურებების შესწავლის საფუძველზე, გაირკვა რა მხატვარსა და გადამწერს შორის შრომის განაწილების საკითხი, გამოიკვეთა, რომ საკმაოდ ხშირად გადამწერი და მომხატველი ერთი და იგივე პიროვნებაა. გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაციის შედეგად, ქართული ხელნაწერების მომხატველთა გალერეას შეემატა დღემდე უცნობი მხატვრების სახელები. მთლიანობაში წიგნში სულ 151 მომხატველი ოსტატის შემოქმედება არის შესწავლილი.