“რედოქს-აქტიური პროტეინების კონფორმაციული და მექანიზმური ასპექტების კომპლექსური კვლევები ინტერფაზური ვოლტამეტრიის გაფართოებული მეთოდის გამოყენებით“
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დიმიტრი ხოშტარია იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე: “პროგრესი პროტეინების მახასიათებლების კვლევის ბიოფიზიკურ მეთოდებში” , რომელიც გაიმართა ქ.პალერმოში 4-6 ოქტომბერს.მან გააკეთა მოხესენება თემაზე: “რედოქს-აქტიური პროტეინების კონფორმაციული და მექანიზმური ასპექტების კომპლექსური კვლევები ინტერფაზური ვოლტამეტრიის გაფართოებული მეთოდის გამოყენებით“.
კონფერენციის მუშაობის პირველივე დღეს შედგა პროფ. დ. ხოშტარიას საუბარი პროფ. მ. ტელინგთან. საუბრის თემა იყო ახალი მეთოდის - ელემენტარული ნაწილაკების, სახელდობრ, მიუონების სპინური რელაქსაციის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები ბიომოლეკულებში ელექტრონის გადატანის ფიზიკური მექანიზმების შესწავლის თვალსაზრისით. პროფ. მ. ტელინგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროფ. დ. ხოშტარიას სამეცნიერო გუნდის გამოცდილება ელექტრონული გადასვლების მექანიზმების გამოვლენის მიმართულების კუთხით შესაძლებელია მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს მის ლაბორატორიაში მიმდინარე ექსპერიმენტულ კვლევებში პროგრესის მისაღწევად. მეცნიერებს შორის მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება 2017 წ. გაზაფხულზე პროფ. დ. ხოშტარიას დიდ ბრიტანეტში, ქ. ოქსფორდის უნივერსიტეტში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.
კონფერენციის მუშაობის პირველ და მომდევნო დღეენში შედგა პროფ. დ. ხოშტარიას წინასწარვე დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ქ. პალერმოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ქიმიის დეპარტამენტის პროფესორთან ანტონიო კუპანესთან. შეხვედრებზე განიხილებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქ. პალემოს უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებს შორის ბიოფიზიკისა და მომიჯნავე მიმართულებებით სტრატეგიული თანამშრომლობის დაფუძნებას, როგორც ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, ისე ახალი საგანმანათლებლო პროგრამების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) შექმნის და შესაბამისად, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ორმხრივი მობილობის მექანიზმების ამოქმედებას.